„რუსეთი დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი“,- ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.
„გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას“.
უწყების მიერ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ დეკლარირებული მისწრაფება მისასალმებელია.
„სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“,- აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.