საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სს „ნამახვანს“ მდ. რიონზე დაგეგმილი აქვს ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება. პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ არქეოლოგიური და კულტურული ძეგლების კვლევის მიზნით, საველე დაზვერვა ჩატარდა საპროექტო ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოსავლენად. საველე სამუშაოები ჩატარდა რიონის ხეობის 14 დასახლებულ პუნქტში, საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოიკვეთა ისტორიულ-მხატვრული მნიშვნელობის ურბანული არეალები, კულტურული ლანდშაფტი და არქიტექტურული ნიმუშები, რომლებიც ნაწილობრივ ყვება დატბორვის ზონაში.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საპროექტო ტერიტორიაზე გამოვლინდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული უძრავი ძეგლის სტატუსის მიწისზედა ძეგლები, რომლებზეც შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს ჰესების კასკადის მშენებლობამ.
იხილეთ ძეგლების ჩამონათვალი:
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ, როგორც მოცემულ სოფლებში წარმოებული საველე სამუშაოები ცხადყოფს, იქ არსებობს ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების მნიშვნელოვანი მონაკვეთები, რომლებიც იმსახურებს ურბანული ძეგლებისა და ისტორიული ტერიტორიის სტატუსს (ხუმლარა,ზემო ოჭნეიშის ნაციხარი, ლეხიდარის „ნაციხვარის ნამოსახლარი”, მელეკურას ნამოსახლარი, დედაღვთისას ეკლესიის ნანგრევები, წითელი გორა და ა.შ.).
„ექსპერტების მიერ წარმოებული საველე სამუშაოების ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ზემოთ აღნიშნულ პოტენციურ არქეოლოგიურ ობიექტთა შორის, 1-9 და 19-22 ობიექტებზე პროექტი ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დატბორვის არეალში მოქცეული ობიექტები საჭიროებს შემოწმებას გათხრების გამოყენებით მათი ბუნების, გავრცელებისა და შესაძლო არქეოლოგიური კვლევების მასშტაბების დასადგენად“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ზემოქმედება კულტურულ მემკვიდრეობაზე
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, გზშ-ს ანგარიშში წერია, რომ „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზემოქმედების რისკები მშენებლობის ფაზაზე არ იქნება მაღალი, რადგან როგორც საველე სამუშაოების პროცესში დადგინდა სამშენებელო ინფრასტრუქტურის განთვასების ტერიტორიებზე ისტორიულ-კულტურულ ან არქეოლოგიური ძეგლების არსებობა არ დადასტურებულა“.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია წყალსაცავის წყლით დასაფარ ტერიტორიებზე არსებული ისტორიული ძეგლების მდგომარეობა, კერძოდ: პროექტის გავლენის ზონაში აღრიცხული 23 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 13 მდებარეობს წყალსაცავების წყლით დასაფარ ტერიტორიებზე და შესაბამისად მოექცევიან პროექტის უშუალო ზემოქმედების ქვეშ. შესაბამისად, სამშენებელო სამუშაოების დაწყებამდე საჭიროებს დეტალური კვლევების ჩატარებას.
რაც შეეხება ოპერირების ეტაპს, ოპერირების ფაზაზე შესაძლებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (წინასწარი კვლევის შედეგების მიხედვით, ასეთი 10 ობიექტია დაფიქსირებული) არაპირდაპირი ზემოქმედების არსებობა, რაც დაკავშირებული იქნება წყალსაცავების ზედაპირებიდან წყლის ინტენსიური აორთქლებით გამოწვეულ კლიმატის ლოკალურ ცვლილებასთან, კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის ტენიანობის გაზრდასთან.
ზეგავლენის შემარბილებელ ღონისძიებებში კი მხოლოდ აღნიშნულია ის, რომ „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დეტალური კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საჭიროა, განისაზღვროს კონკრეტული შემარბილებელი ღონისძიებები“.