
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე სს „სილქნეტს“ შპს „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
კომისიამ გადაწყვიტა, რომ მხარეებზე დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს კომპანია „სილქნეტისთვის“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე წინასწარ თანხმობაზე უარის თქმის საფუძველი.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით, კომისიამ კომპანიები დაავალდებულა, აბონენტებს არ შეუზღუდონ არჩევანის თავისუფლება და დაუტოვონ შესაძლებლობა სხვა სერვისებისგან დამოუკიდებლად მიიღონ მათთვის სასურველი მობილური ან ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება გონივრულ, არადისკრიმინაციულ და ხელმისაწვდომ ფასად.