საქართველოში, შესაძლოა, აღმზრდელთა რეესტრი შეიქმნას. აღნიშნული ინიციატივით მოქალაქემ, მაია რობაქიძემ საქართველოს პარლამენტს მიმართა.
პროექტის მიზანი ბავშვთა უფლებების უკეთ დასაცავად პრევენციული ინსტიტუტის შექმნაა. ამისთვის სახელწმიფომ უნდა შექმნას და აწარმოოოს აღმზრდელთა ერთიანი ბაზა. ამ ბაზით სარგებლობა ფასიანი იქნება და თანხა საქართველოს ბიუჯეტში ჩაირიცხება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშობელს რეგისტრაციისას 20 ლარის გადახდა მოუწევს და 6 თვის განმავლობაში შეუზღუდავად შეეძლება რეესტრით სარგებლობა.
ინიციატივის ავტორი პრევენციული ინსტიტუტის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, ხშირად ხდებიან აღმზრდელებისგან ძალადობის მსხვერპლნი, ამისგან თავის დაცვა კი თავად არ შეუძლიათ.
„არ არსებობს არანაირი პრევენციული მექანიზმი, რომელიც მეტ გარანტიას მისცემდა მშობელს, რომ მისი შვილი არ აღმოჩნდება ამგვარი აღმზრდელის ხელში. ძიძის მხრიდან ბავშვზე ძალადობამ მასშტაბური სახე მიიღო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამის დასტურია ბავშვზე საშინელი ძალადობის ვიდეოები, რომლებიც ყოველდღიურად ვრცელდება სოციალურ ქსელსა თუ ტელევიზიაში“,- აღინიშნულია განმარტებით ბარათში.
ინიციატივის ავტორის განმარტებით, გადამოწმდება როგორც აღმზრდელობის მსურველის პირადი მონაცემები, ასევე მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს პირველადი დახმარების გაწევის უნარი. აღმზრდელებმა პერიოდულად უნდა ჩაიტარონ გამოკვლევები შემდეგ დაავადებებზე: ტუბერკულოზი, აივ ინფექცია და C ჰეპატიტი. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში ძიძა გასაუბრებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული ფსიქოლოგების ჯგუფთან გაივლის და შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდება.
„სახელმწიფოს ჩართულობა უნდა გამოიხატოს არა მხოლოდ აღმზრდელის პირადი მონაცემების, ნასამართლეობის, ფსიქიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაში, არამედ მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა მან შემთხვევისთანავე გაუწიოს აღსაზრდელს შესაბამისი დახმარება: მაგალითად, თუ ბავშვს გადასცდა საკვები, აღმზრდელმა უნდა იცოდეს, როგორ დაეხმაროს ბავშვს“.
მაია რობაქიძე განმარტავს, რომ სახელმწიფოს პრევენციული ინსტიტუტის შექმნა მინიმალური თანხა დაუჯდება, სანაცვლოდ კი ყველაზე დიდ სიკეთეს, ბავშვს დაიცავს. მან საკანონმდებლო ორგანოს წინადადება 9 მარტს წარუდგინა. მისი განხილვა და შესაბამისი შეფასების წარდგენა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.