„ენერგო-პრო ჯორჯია“ გუდაურში მომხდართან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა.
გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, რეაგირებისთვის და შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად უკვე დაუკავშირდნენ საბაგიროს მწარმოებელ კომპანიას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.