მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები შედის. ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობას დასამტკიცებლად, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარედგინება, სქემაში რამდენიმე ცვლილებას გულისხმობს, თუმცა ამ ცვლილებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მასწავლებლის სტატუსიდან ჩამოქვეითების შესახებ ჩანაწერი სქემიდან ქრება.
დღეს მოქმედი სქემა მასწავლებლის ოთხ სტატუსს ცნობს - დამწყები, უფროსი, წამყვანი და მენტორი.
უფროსი მასწავლებლის სტატუსის შემდეგ მასწავლებელს ოთხი წლის განმავლობაში ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად საჭირო კრედიტები უნდა დაეგროვებინა, ან - უფროსის სტატუსის შესანარჩუნებელი კრედიტები.
მასწავლებელს უფროსის სტატუსის შენარჩუნებისთვის 4 წლის განმავლობაში 13 კრედიტის დაგროვება უწევდა, წამყვანს კი - 19-ის.
ახალი სქემით, მასწავლებელს კრედიტების დაგროვება წინსვლისთვის მოუწევს, ერთხელ მოპოვებული სტატუსს კი აღარ დაკარგავს.
პედაგოგთა უმრავლესობა ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს. მიაჩნიათ, რომ ერთხელ დამსახურებული სტატუსის შენარჩუნებისთვის კრედიტების დაგროვების სისტემა უსამართლო იყო. ხშირად ეს პროცესი მექანიკური, შემოქმედებითი პროცესისგან დაცლილი და, რაც მთავარია, სასწავლო პროცესისთვის უსარგებლო იყო.
სქემაში დაანონსებულ ცვლილებებს განსხვავებულად აფასებენ განათლების სფეროს სპეციალისტები.
განათლების მკვლევრის, რევაზ აფხაზავას აზრით, სტატუსის შენარჩუნების მექანიზმი ნაწილობრივ სქემაში უნდა დარჩენილიყო, რადგან ეს აქტივობები მასწავლებელს პროფესიული განვითარების სტიმულს აძლევდა.
„ჩემი აზრით, გარკვეული საქმიანობები უნდა დარჩენილიყო სტატუსის შესანარჩუნებლად. სტატუსის შენარჩუნება გარკვეული სტიმული უნდა ყოფილიყო მასწავლებლებისთვის, რომ მეტი საქმე გაეკეთებინათ პროფესიული განვითარებისთვის. ჩემთვის უფრო გამართლებული იქნება, რომ სტატუსის მოპოვება იყოს ადვილი და შენარჩუნება კი - ძნელი. მაგრამ ამავდროულად აქტივობები უნდა იყოს სწორი, რეალისტური და ხარისხზე ორიენტირებული და არა მექანიკური და ფორმალური. თუ სწორი, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები იქნება, მაშინ მისი შენარჩუნების გზაც არ იქნებოდა ცუდი“, - ამბობს რევაზ აფხაზავა.
სიმონ ჯანაშიამ კონკრეტული ცვლილებების შეფასებისას განაცხადა, რომ კრედიტების დაგროვების სისტემა ფორმალური იყო და ხშირად მასწავლებლები კრედიტებს ავტომატურად, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე აგროვებდნენ.
„ამ სქემის პრობლემა სხვა რამეა, არ არსებობს მასწავლებლების გაშვების მექანიზმი და ეს ამ პროფესიაში შემოსვლის პრობლემას ქმნის. თუ ვერ უშვებ კადრს სისტემიდან, აზრს კარგავს ნებისმიერი მექანიზმი, რომლითაც ცდილობ, რომ სისტემაში შემოიყვანო ახალი კადრები. ახლა კი ითქვა, რომ ცდილობენ გაამარტივონ შემოსვლა, რომ არსებობს მაძიებლობის სტატუსი და ა.შ. მაგრამ ამ მასწავლებლებისთვის ადგილები არ თავისუფლდება“, - ამბობს სიმონ ჯანაშია.
მისივე თქმით, სტატუსის შენარჩუნებაზე ზრუნვა ერთგვარი სტიმული იყო, რომ პედაგოგები არ მოდუნებულიყვნენ და გაეგრძელებინათ პროფესიული განვითარება.
„მაგრამ სტიმულირება ხდებოდა არა პროფესიული განვითარების, არამედ იმის, რომ უწევდათ საბუთების შევსება და გაგზავნა. ახლა ითქვა, რომ რაღაცების შევსებაც აღარ დასჭირდებათ. მგონი, ხვდებიან, რომ ეს სქემა არ მუშაობს ისე, როგორც თავდაპირველად ჩაიფიქრეს, და ცდილობენ მის გამარტივებას“, - ამბობს სიმონ ჯანაშია.