საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ცხინვალში ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ერთიან რეზოლუციას მიიღებს. ამასთან ერთად, „ქართული ოცნება“ დასთანხმდა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რეზოლუციასთან ერთად პარლამენტმა შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.
„მთავარი, იყო ჩვენი ინიციატივა, რომ შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ეს გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობამ. შესაბამისად, მივიღებთ რეზოლუციას, რომელშიც ეს სია შეიქმნება. დარჩენილია ტექნიკური დეტალები, ამაზეც ალბათ შევთანხმდებით. იმედი გვაქვს, ორშაბათს გავიტანთ საკომიტეტო მოსმენებზე და ოთხშაბათს უკვე რეზოლუციასაც მივიღებთ“, - უთხრა „ლიბერალს“ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგი კაპანაძემ.
სერგი კაპანაძე განმარტავს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში კონკრეტული პირების შეყვანის დისკრეცია ხელისუფლებას ექნება, რომელიც პარლამენტს მალევე უნდა წარუდგინოს. „აქ უნდა მოხვდნენ ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მკვლელობასა და ამ დანაშაულებების დაფარვაზე“, - ამბობს სერგი კაპანაძე.
ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში თავდაპირველად ორი - უმრავლესობისა და უმცირესობის რეზოლუცია დარეგისტრირდა. მოგვიანებით, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტს ერთი რეზოლუცია მიეღო და პოზიციების შესაჯერებლად საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
უმცირესობის რეზოლუცია უმრავლესობისგან განსხვავებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასაც ითვალისწინებდა, რასაც საბოლოოდ „ქართული ოცნება“ დასთანხმდა.
საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას სამი კვირაა მოითხოვს. ის ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს. 23 თებერვალს კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილი დაკავების შემდეგ გულის უკმარისობით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.
ოსურმა მხარემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებზე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი უკვე არაერთხელ თქვა. მათი პოზიციაა, რომ ცხედარს მოწვეული რუსი სპეციალისტები ექსპერტიზას ჩაუტარებენ და ქართულ მხარეს ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ გადასცემენ.