Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: სალომე ტატიშვილის საქმეზე სასამართლოს მსჯელობა საშიშ პრეცედენტს ქმნის

19 მარტი, 2018 12:21

სააპელაციო სასამართლო დღეს 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე იმსჯელებს, რომელიც 2016 წლის 10 იანვარს გუდაურში სათხილამურო ტრასაზე დაიღუპა. ტატიშვილი  დებთან, სპორტ-სკოლის მწვრთნელთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად სრიალებდა, რა დროსაც ზურგიდან შეეჯახა გიორგი ლიპარტელიანი.  თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებული განაჩენით ბრალდებული გაამართლა.

საია მიიჩნევს, რომ განაჩენში პირველი ინსტანციის მსჯელობა საშიშ პრეცედენტს ქმნის გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. 

პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენი ძირითადად დაეფუძნა შემდეგ არგუმენტებს:

  • არ არსებობს სათხილამურო კურორტებზე სრიალისთვის დადგენილი წესები, მათ შორის სიჩქარის ლიმიტი, რომლითაც უნდა სრიალებდეს პირი;
  • თხილამურებით სრიალი ექსტრემალური სპორტია და თავისთავში მოიცავს ტრავმის მაღალ რისკს;
  • არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ფეხი წამოკრა ქვას ან გზად შეექმნა სხვა რაიმე წინაღობა, რომელმაც გამოიწვია თხილამურის მიმართულების შეცვლა და შესაძლოა შეჯახება;
  • არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ თავად გარდაცვლილი გოგონას სრიალის მანერა და ტრაექტორია გახდა შედეგის გამოწვევის საფუძველი.

ის ფაქტი, რომ არ არსებობს თხილამურებით სრიალთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები, არ ათავისუფლებს პირს ვალდებულებისგან, გამოიჩინოს წინდახედულობა და გადაადგილდეს თავისთვის და სხვისთვის უსაფრთხოდ. წესები, რომელთა დარღვევაც საფუძვლად ედება გაუფრთხილებელ დანაშაულს, შეიძლება იყოს როგორც დაწერილი, ისე დაუწერელი, რომლებიც გამომდინარეობს ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და მათი დაცვა, ევალება თითოეულ ადამიანს.

მოსამართლის მსჯელობა, თხილამურებით სრიალის ექსტრემალურ სპორტად მიჩნევასთან დაკავშირებით, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და არ ეყრდნობა რაიმე  სტანდარტსა თუ გამოცდილებას. გაკვალულ და სპეციალურად დამუშავებულ ტრასაზე, თხილამურებით სრიალი არ წარმოადგენს ექსტრემალურ სპორტს და არ შეიცავს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს.

ეჭვები, რომლებიც ფაქტობრივად გამამართლებელ განაჩენს დაედო საფუძვლად, არ ემყარება რაიმე გონივრულ საფუძველსა თუ მტკიცებულებას, არამედ არის მხოლდ მოსამართლის მოსაზრებები და ვარაუდები მოვლენათა შესაძლო სხვაგვარი განვითარების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას, რაც გულისხმობს იმას, რომ უარყოფილ იყოს არა ბუნებაში არსებული ყველა სახის ეჭვი, არამედ კონკრეტული საფუძვლითა და მტკიცებულებით გამყარებული ეჭვი. მოსამართლე ჰიპოთეტურად მსჯელობს ბრალდებულისთვის შექმნილი წინაღობის შესახებ, რომელსაც შეეძლო თხილამურების ტრაექტორიის შეცვლა და შეჯახების გამოწვევა. ასეთი ეჭვი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ თეორიულ მსჯელობას, რაც არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.  

მოსამართლე ასევე ეჭვებს გამოთქვამს თავად სალომე ტატიშვილის მოძრაობის ტრაექტორიაზე, როგორც შეჯახების მაპროვოცირებელი ფაქტორზე. არაერთი მოწმე განმარტავს, რომ სალომე წესების სრული დაცვით, საშუალო სიჩქარითა და დიდი მოხვევებით გადაადგილდებოდა ტრასაზე, მაშინ როცა ბრალდებული, ნასვამ მდგომარეობაში, პირდაპირი დაშვებით და დიდი სიჩქარით სრიალებდა. იმ ვითარებაში, როდესაც არაერთი მოწმის მიერ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს სალომეს სრიალის სტილი და მანერა, ასევე მისი ცოდნა და მომზადების დონე,  გაუგებარია, რა საფუძვლით ვარაუდობს მოსამართლე, რომ სწორედ სალომეს სრიალმა შეუწყო ხელი შედეგის დადგომას, თანაც იმგვარად, რომ ბრალდებულისთვის შედეგის თავიდან არიდება შეუძლებელი გამხდარიყო. გასათვალისწინებელია, რომ თხილამურებით სრიალი მოთხილამურისგან სწორედ ისეთი სიჩქარის და სტილის შერჩევას მოითხოვს, რომელიც უსაფრთხო იქნება წინ მიმავალი მოთხილამურეებისთვის. ასევე მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იყო კარგი ხილვადობა, ტრასაზე დიდი მანძილიდანაც ადვილად იყო შესაძლებელი მოთხილამურეების ტრაექტორიის გარჩევა, შემთხვევის ადგილას ტრასა იყო სკამადო განიერი.

იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით წამოჭრილ კითხვის ნიშნებს სააპელაციო სასამართლო სათანადოდ გასცემს პასუხს და  მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.  აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და საქმეს ერთი მოსამართლის ნაცვლად სამი მოსამართლე განიხილავს. აღნიშნული მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს დაზარალებულმაც მიმართა" - ნათქვამია საია-ს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^