გუშინ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.
გადმოსვენების შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის სამხარაულის ბიუროში გადაიყვანეს, გვიან ღამით კი ოჯახში გადაასვენეს.
აღენიშნება თუ არა ცხედარს ძალადობის კვალი, ამ თემაზე კომენტარი გუშინ სახელმწიფო უწყების არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია. ცხედრის მდგომარეობაზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ სამხარულის ბიუროშიც.
„მესმის ძალიან მაღალი ინტერესი. ამ ეტაპზე შეუძლებელია ასეთ კონკრეტულ შედეგებზე საუბარი“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მინისტრმა ციხელაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზებზე ქართულ მხარეს ცხინვალში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი გადაეცა, რომლის მიხედვით, გარდაცვალება გულის უკმარისობამ გამოიწვია.
„რა თქმა უნდა, ძალიან მეეჭვება, რომ ცხინვალში ჩატარებული ფსევდოგამოძიება რეალობასთან ახლოს იყოს, - ასე შეაფასა გუშინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ერგნეთის საგუშაგოსთან დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები.
Facebook-ზე უკვე ვრცელდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია.
კერძოდ, ერთ-ერთი პირველი პოსტი ჟურნალისტმა, ლაშა ბერულავამ გაავრცელა. ის წერს, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი ეტყობა, მოჭრილი აქვს საჩვენებელი თითი და ასევე დაზიანებები აქვს ხელის მტევნებზე.
აღნიშნულ საკითხზე „ლიბერალი“ ლაშა ბერულავას ესაუბრა.
„მე ვიყავი იქ უშუალოდ მაშინ, როცა სამხარაულის ბიუროდან ოჯახში გადაასვენეს ცხედარი. ოთახში თავდაპირველად ოჯახის წევრები, დედა და სხვები იყვნენ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ჩაასვენეს საყინულეში, შემდეგ სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს, წესი აუგეს და მერე უკვე აპირებდნენ, რომ სახურავი დაეფარებინათ - სასულიერო პირების ინიციატივა იყო, რომ პირდაპირ მაცივარზე დაეფარებინათ სახურავი, რომელიც მაგრდება და მერე აღარ იხსნება. იქ მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ ჯერ მივცეთ ოჯახის წევრებს საშუალება, მივიდნენ და მოეფერონო, პირველი მივიდა დედა, ჩემგან ერთ ნაბიჯზე ხდებოდა ეს, სახეზე დააპირა მოფერება, უთხრეს, რომ სახეზე ხელი არ მოუსვა, ლაქები დაემჩნევაო, სავარაუდოდ, ეს მაკიაჟის გამო უთხრეს, რომელიც ახლოდან კარგად ჩანდა. სავარაუდოდ, ეს სახეზე წამების კვალის დასაფარად გაუკეთეს.
მას შემდეგ, რაც დედას სახეზე შეხება აუკრძალეს, პირველი რეაქცია ჰქონდა, რომ ხელზე მოფერებოდა - სუდარა ჩაწია და ხელი რომ დაინახა, ამ დროს დავინახე მეც: მაჯები იყო გახვრეტილი, სისხლჩაქცევების კვალი ემჩნეოდა ხელის მტევნებსა და მაჯების დასაწყისში. მე არ ვიცი რითი იყო გახვრეტილი ტყვიით თუ ბასრი საგნით, მაგრამ ემჩნეოდა მაჯასთან ნახვრეტები და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჰქონდა მოჭრილი. დედის პირველი რეაქცია ის იყო, რომ შვილო, ვის რა დაუშავე, თითი გაქვს მოჭრილიო.“ - ჰყვება ლაშა ბერულავა „ლიბერალთან“.