„პაციენტს ტრავმის კვალი და დაზიანებები არ აღენიშნება, კლინიკაში თავისი მოთხოვნით არის მოთავსებული“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო აქიაშვილმა განუცხადა.
20 მარტს „ქართულმა მარშმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანდრო ბრეგაძეს პოლიციამ სასტიკად სცემა და ის ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათვე გამოაქვეყნეს ფოტოც, სადაც პალატაში მყოფი სანდრო ბრეგაძე ჩანს. მოგვიანებით „ქართულმა მარშმა“ „ფეისბუქიდან“ ეს ფოტო და ინფორმაცია წაშალა.
ექიმის განმარტებით, „ქართული მარშის“ წევრი სანდრო ბრეგაძე კლინიკაში 20 მარტს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება.
სანდრო ბრეგაძე კლინიკაში, სავარაუდოდ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებიდან გადაიყვანეს, სადაც „რუსთავი 2-თან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკითხვაზე იმყოფებოდა.
სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ ინფორმაციას შსს-ში მტკნარ სიცრუეს უწოდებენ. როგორც „ინტერპრესნიუსი“ შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, ექიმების თანხმობის შემთხვევაში, სანდრო ბრეგაძეს მოუწევს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემის გაგრძელება.
19 მარტს „ქართული მარშის“ წევრებმა „რუსთავი 2-თან“ აქცია გამართეს. მათ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და P.S.-ში ქრისტესთან დაკავშირებული განცხადების გამო ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ „კურიერის“ ჟურნალისტს დავით ერაძეს, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.