საია და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ორ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებშიც, სავარაუდოდ, სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს.
„ერთ შემთხვევაში პროკურატურის მიერ გამოძიების გაჭიანურება, ხოლო მეორე შემთხვევაში პროკურატურისა და სასამართლოს ამ დრომდე ხარვეზიანი მართლმსაჯულება ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს, მის მიმართ ნდობას და საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.
2016 წლის აგვისტოში დაიწყო და კვლავ ჭიანურდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ ამავე ფაქტიდან გამომდინარეობს და იმავე დღეს დაიწყო გამოძიება მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის მიერ გიორგი მიქაუტაძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე (მოსამართლის მიმართ მუქარა სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), ამ საქმის გამოძიება დასრულებულია და ამჟამად საქმეს განიხილავს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო. ორივე საქმეზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში განვითარებული მოვლენები მიუთითებს შერჩევით მიდგომაზე და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობა ამ საქმეებში, კანონის უზენაესობის საწინააღმდეგოდ, ხელს უშლის მოქალაქის მიმართ სამართლიან მართლმსაჯულებას.
გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში, ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ არის მოქალაქეების სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის მაღალი ინტერესი, მეორე მხრივ კი, ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს გამოძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით (ფაქტზე გავრცელებულია ვიდეოჩანაწერიც), სერიოზულ ზიანს აყენებს მთლიანად სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს და სანდოობას. ასევე, არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გაჭიანურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას“-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ გიორგი მიქაუტაძეს, რომ სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციისა და მართლმსაჯულების განხორციელებისადმი საზოგადოების ნდობის დაცვის მიზნით გადადგეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის და, შესაბამისად, საბჭოს მდივნის თანამდებობიდან;
ასევე, მოუწოდებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას სწრაფად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიძიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის სავარაუდო ცემის ფაქტი.
ასევე მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეასრულოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და რეპუტაციის დაცვის მასზე დაკისრებული ფუნქცია და პროკურატურას მიმართოს მიმდინარე გაჭიანურებული გამოძიებების სწრაფად, ყოველმხრივ და ეფექტურად გამოძიების, საზოგადოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდების მიზნით.