გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, თბილისში ცის ყვითელი შეფერილობა შესაძლოა, განპირობებული იყოს სამხრეთ ქვეყნებიდან სილის ატმოსფეროში შერევით.
„ეს შესაძლებელია, განპირობებული იყოს ჩვენი ქვეყნის სამხრეთ რაიონებიდან, ქვეყნებიდან რომლებიც არის ქვიშიანი (აფრიკა-არაბეთის ქვეყნები), ქარის შედეგად სილის ატმოსფეროში შერევით. სწორედ, ამან გამოიწვია ცის ყვითელი შეფერილობა და, შესაბამისად, მოსალოდნელია მღვრიე წვიმა“, - განუცხადა „ლიბერალს" დოდო გვაზავამ.
გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ცის ყვითელი შეფერილობა უკავშირდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, სიმართლეს არ შეესაბამება.