ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2016 მონაცემებს ასახავს, საქართველოში 100 000 მოსახლეზე მინიმუმ 256 პატიმარი მოდის. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროსაბჭოს 47 წევრ ქვეყანას შორის ლიდერობს, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, ბოლო ათ წელიწადში პატიმრების რაოდენობა თითქმის 16%-ით შემცირდა.
ქართულ ციხეებში პატიმრებს შორის მაღალია ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობა. ყველა პატიმარს შორის ამ დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა 39% იხდის სასჯელს. ხოლო ყოველ 100 000 მოსახლეზე ნარკოდანაშაულისთვის საქართველოში მინიმუმ 88 ადამიანია დაპატიმრებული. ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულთა რაოდენობით ევროსაბჭოს ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილს იკავებს. პატიმრებს შორის ნარკოდანაშულისთვის მსჯავრდებულთა პროცენტული რაოდენობით საქართველოს მხოლოდ მალტა უსწრებს. იქ, პატიმრებს შორის 43.5% იხდის ნარკოდანაშაულისთვის სასჯელს. თუმცა, მალტაში ზოგადად პატიმრების რაოდენობა ცოტაა, ყოველ 100 000 მოსახლეზე 128 ადამიანია ციხეში. კვლევის მიხედვით, ზოგადად ევროპაში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა წილი ყველა პატიმარს შორის 17.5%-ია.
საქართველოს, ზოგადად, პატიმრების კლების დინამიკა აქვს. ბოლო ათ წელში 16%-იან კლებასთან ერთად 2015-დან 2016 წლამდე პატიმრების რაოდენობა ქვეყანაში 6.7%-ით შემცირდა. ამასთან ერთად, ევროსაბჭოს ანგარიშში წერია, რომ კვლევა საყოველთაო აღწერის მონაცემებს იყენებს. 2002 წელს ჩატარებულ აღწერასთან შედარებით საქართველოში 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა ზოგადად შემცირდა. პატიმრების წილის მაღალ მაჩვენებელს ბოლო წლებში ესეც განაპირობებს.
ევროპის საბჭოს კვლევა 47 წევრი ქვეყნის 52 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 47-ის მონაცემს ასახავს. მონაცემები დათვლილია 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით.