"ლიბერალს" ესაუბრა ქალი, რომელიც პაპუნა უგრეხელიძეს, საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
ამ ეტაპზე ქალს, რომელიც "ლიბერალს" ესაუბრა, კონფიდენციალობის დაცვა სურს.
საქმეზე არსებობს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც, ომბუდსმენს შევიწროების სავარაუდო მსხვერპლმა ჯერ კიდევ 2016 წელს მიმართა.
დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ "პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა".
"განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთაგან მოპოვებული ინფორმაციისა და მოპასუხესთან გასაუბრებიდან გამოკვეთილი ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა, ერთი მხრივ, სქესის ნიშნით შევიწროებას, რაც გამოიხატა განცხადებლის მიმართ შეურაცხყოფასა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნაში, და მეორე მხრივ, ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროებაში, რაც გამოიხატა კონკრეტული ფამილიარული თუ უხამსი სიტყვების გამოყენებაში. ზემოაღნიშნულ ქმედებებს ჰქონდა განგრძობადი ხასიათი და დამამცირებელ და მტრულ სამუშაო გარემოს უქმნიდა განმცხადებელს". - ვკითხულობთ სახალხო დამცველის დასკვნაში, რომელიც ლიბერალს თავად სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლმა მიაწოდა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას, პაპუნა უგრეხელიძის პასუხი შემდეგია: მან განმცხადებელი კარგ პროფესიონალად დაახასიათა, თუმცა, ამავდროულად აღნიშნა, რომ ის ნერვიული და კონფლიქტურია. უგრეხელიძემ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ განმცხადებელმა ის დაადანაშაულა შევიწროებაში, და თქვა, რომ მისი ასაკის ქალები არ იზიდავს.. ამასთან, აღნიშნა, რომ ირგვლივ უამრავი ახალგაზრდა ლამაზი ქალია და განმცხადებელს არ შეხედავდა.
ლიბერალი დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს, პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, უგრეხელიზე აშშ-ში, მივლინებაშია და კომენტარს დაბრუნების შემდეგ გააკეთებს. - "ამის შემდეგ ამ თემას ჩვენც გამოვეხმაურებით".