ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა. როგორც „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, თბილისიდანაც გაემგზავრა სამაშველო ჯგუფი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრეცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა. კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს.