თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„არ არის კარგი ასეთ თემებზე ცალმხრივი პოზიციების გავრცელება, ცალმხრივად სიუჟეტების კეთება და ნიუსები. ჩვენ ქალებს გვაქვს ერთი მიზანი, რომ ქალთა უფლებები დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა არის რთული და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ერთად, სოლიდარულები და, რაც მთავარია, არ დავუშვათ შეცდომები.
ჩემი პოზიცია არის, რომ იმ მომენტში, რა მომენტშიც პაპუნა უგრეხელიძე იმყოფება მივლინებაში, მე მას, როგორც ქალმა მინისტრმა, უნდა მოვუსმინო. მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც არა იუსტიციის სამინისტრო არა საჯარო რეესტრი არამედ ის პირადად არის მოპასუხე. შესაბამისად, ამ საქმის მასალები იცის მან და მეორე მხარემ მხოლოდ. დღეს ჩემი მოადგილე შეხვდა უკვე მის პირად ადვოკატებს იმისათვის, რომ მასალებზე წვდომა ჰქონოდა. მე მაქვს პირადად რამდენიმე კითხვა, მათ შორის უხერხული კითხვებიც, მასთან. როცა მას შევხვდები, უკვე ინფორმირებულ პოზიციას დავაფიქსირებ." - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეკითხვაზე, იცნობს თუ არა ომბუდსმენის დასკვნას და რატომ აქამდე არ ჰქონდა ამ საქმეზე რეაგირება, უპასუხა, რომ სახალხო დამცველმა პირადად უგრეხელიძეს მიაწოდა რეკომენდაცია.
„ქალებს მოგმართავთ, რომ მოვუსმინოთ მამაკაცებსაც ჯერ და მერე არაფერი წინ არ უდგას სწორი პოზიციის დაკავებას." - განაცხადა წულუკიანმა.
რამდენიმეა დღეა, მედიისთვის ცნობილი გახდა სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული. დასკვნა 2017 წელს მომზადდა.
დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა".
„ლიბერალი" ესაუბრა ქალს, რომელიც პაპუნა უგრეხელიძეს (საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს) სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ომბუდსმენის დასკვნის გარდა მან ამ ფაქტის შესახებ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებსაც აცნობა, თუმცა პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.
სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, საჯაროო რეესტრის ხელმძღვანელი სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფს. ომბუდსმენის წარმომადგენელთან გასაუბრებისას მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ განმცხადებელმა ის შევიწროებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი ასაკის ქალები არ იზიდავს. ამასთან, აღნიშნა, რომ ირგვლივ უამრავი ახალგაზრდა ლამაზი ქალია და განმცხადებელს არ შეხედავდა.
ამ საქმესთან დაკავშირებული დეტალების გახმაურების შემდეგ „ლიბერალი" არაერთხელ დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის მოქმედი ხელმძღვანელის კომენტარის მისაღებად. სამინისტროში განგვიცხადეს, რომ უგრეხელიძე კომენტარს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.