Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა წერია 1907 წლის „ქართველი ხალხის პეტიციაში" რომელთა ხელმომწერებსაც ოქსფორდში მიაკვლიეს

26 მარტი, 2018 17:10

როგორც უკვე ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეულმა მკვლევარმა, ბექა კობახიძემ და ამავე უნივერსიტეტის ბოდილიანის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯილიან ევისონმა, ბიბლიოთეკის კატალოგებში 1907 წელს  შედგენილი პეტიციის ხელმომწერთა სიას მიაგნეს. "სამი ათასამდე ხელმოწერა ჰქონდა ტექსტსო, გადმოცემით ვიცოდით" - ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე მკვლევარი ბექა კობახიძე წერს:

„1907 წელს გაიმართა ჰააგის საერთაშორისო კონფერენცია. მან ბევრი ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა დაადგინა, რომელიც დღემდე ძალაშია.

ამ კონფერენციისთვის ანარქისტმა და ქართველმა ნაციონალისტმა, თავადმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა დაიწყო „ქართველი ხალხის პეტიციის„ შედგენა. პეტიცია ბრალს სდებდა რუსეთს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევაში, ანექსიაში, 1905-1906 წლებში პოგრომების მოწყობაში გურიის ტერიტორიაზე და ითხოვდა ტრაქტატის მუხლების საფუძველზე საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას"

„25  ფურცელი, ხელმოწერებითა სავსე - წერს მკვლევარი - ეს არის ქართველი ხალხის პეტიცია".

„ლიბერალი" გთავაზობთ ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში მოკვლეულ ამონარიდებს ამ პეტიციიდან:

საქართველოს ხალხის მემორანდუმი
წარდგენილი 1907 წლის საერთაშორისო კონგრესზედ ჰააგაში

„სამართლისა და საერთაშორისო უფლების სახელით ჩვენ, მამულიშვილნი საქართველოისა, ერთ უძველეს საქრისტიანო და დამოუკიდებელ ერისა, მოგმართავთ ამ მემორანდუმით მთელი ქვეყნის განათლებულ ერთა წარმომადგენელთ, ჰააგის საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაზედ შეკრებილთ.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ერის ხმა არ დარჩება უყურადღებოდ და უთანაგრძნობოდ, აგრეთვე იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სამართლიან და კანონიერ დავაში რუსეთის საიმპერატორო მთავრობასთან მხარს დაგვიჭერთ და განიხილავთ იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მუხლებს, რომელიც დადებულ და ფორმალურად დამტკიცებულ იქნა საქართველოს თავისუფალ სამეფოსა და რუსეთის იმპერიის შორის, და რომელიც რუსეთის საიმპერატორო მთავრობამ დაარღვია"...

„ჩვენს უძველეს ავტოკეფალურ ეკლესიას, წინააღმდეგ კანონიკურ კანონთა და მსოფლიო კრებათა დადგენილებათა, ახადეს ყველა უფლებანი და წაართვეს მთელი ქონება. ჩვენი ტაძარნი, უძველესნი ისტორიულნი ნაშთნი საქართველოს ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრებისა, გაძარცვეს, გაქურდეს და ისე არიან მიყრუებულნი, რომ მათი შეკეთებაც აღარ შეგვიძლია, რადგანაც მთელი შემოსავალი ჩვენ საეკლესიო მამულთაგან, რომელიც უდრის წლიურად 2,400,000 მანეთს, რუსის მთავრობას მიაქვს"...

„ეს ორი წელიწადია უკვე, რაც საქართველოში სამხედრო წესებია გამოცხადებული, ქვეყანა გაგვიძარცვეს, გაგვინადგურეს, ქვეყანა გაგვიუპატიურა ჯარმა და ყაზახ-რუსობამ. ჩვენი აღყვავებული კუთხეები - გურია, სამეგრელო, იმერეთი და ქართლი, ზოგან მთლად და ზოგან ნაწილად გაძარცვეს, გააუპატიურეს და გადასწვეს. ჩვენი ქალაქებია: ქუთაისი, ოზურგეთი, ზესტაფონი, ხონი, ჭიათურა, და ას ოთხი სოფელი და დაბა, ან მთლად და ან ნაწილად აგრეთვე გადაჰბუგეს და გაძარცვეს. ვენახები, ბაღები და სამეურნეო საწყობები სრულიად მოსპეს; საქონელი დაგვიკლეს და გაიტაცეს; ასი-ათასობით გლეხობა შიშველ-ტიტველა დასტოვეს ღვთის ანაბრად, ასობით უდანაშაულო ადამიანები უწყალოდ დახოცეს; ხალხი ტყეებში და მთებში გაიხიზნა, რადგანაც ძალმომრეობასა და ბარბაროსობას საზღვარი და დასასრული აღარ ჰქონდა. ამ ბარბაროსობისა და ძალმომრეობის მსხვერპლად ხშირად ქალებიც ხდებოდნენ, რაიცა ქვეყანას ემცნო იმ მოწოდებით, რომლითაც ქართველმა ქალებმა მიმართეს მთელი ქვეყნის განათლებულ ერთა ქალებს"...

„ათასობით ქართველი ციხეში ლპება და საღრჩობელაზედ მიდის უდანაშაულოდ სამხედრო-საველე-სასამართლოების განაჩენით, ათასობითვე ქართველს ასახლებენ ციმბირში, ვიატკისა და არხანგელსკის გუბერნიებში. ევროპამ უკვე იცის, თუ რა აუარებელი ხალხი გაჟლიტა რუსის მთავრობამ მოძრაობის დასამშვიდებლად. რიცხვი დახოცილთა რუსეთში უდრის 40,000-ს. მაგრამ ჟლეტას, გადასახლებასა და დატყვევებას ისეთი მძვინვარება არსად არ გამოუჩენია, როგორც საქართველოში.

ასეთი დევნა, ასეთი დაჩაგვრა, ასეთი სასოწარკვეთილება, ასეთი სირცხვილი და დამცირება საქართველოს ერს არ განუცდია თემურ-ლენგის შემოსევის დროიდან"...

„ევროპის გავლენით ოსმალეთის მიერ განადგურებულ პროვინციებიდან თავისუფალი, კულტურული სახელმწიფოები გაჩნდა. ბულგარია, რუმინია და სერბია, ბარბაროსობის გზაზედ დამდგარნი, შეუერთდნენ კულტურულ კაცობრიობას, მოიპოვეს რა ეროვნული თავისუფლება. ჩვენ კი ორი ათასი წლის თავისუფალი პოლიტიკური და ქრისტიანულ-კულტურული ცხოვრების შემდეგ რუსეთს შევუერთდით, რომელმაც ხელშეკრულებათა დარღვევით და განუწყვეტელის დევნით ოსმალეთზედ უარესი დღე დაგვაყენა, - ველურობა და ბარბაროსობა შემოიტანა ჩვენში"...

„ამიტომაც, საქართველოს ერს იმედი გვაქვს, რომ ჩვენ საქმეს ყურადღებას მიაქცევენ, თანაუგრძნობენ, გადასწყვეტენ სამართლიანად, და ევროპა აიძულებს რუსეთს დაემორჩილოს საერთაშორისო უფლების წესებს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშე თანახმად ზემოხსენებულ ხელშეკრულებათა, დაგვიბრუნოს ქართველებს ჩვენი ტერიტორია და აღგვიდგინოს წართმეული ჩვენი ეროვნული ავტონომია”...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^