„ბრძანების თანახმად, კახა კალაძე იმყოფებოდა ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში ორ თანმხლებ პირთან ერთად და მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი დაჯდა", - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, ვიზიტის დასრულების შემდეგაც კალაძეს არ მიუთითებია, ვინ იყო „პოტენციური ინვესტორი“, რომელსაც იგი მილანში შეხვდა.
„კალაძე და მერია ბიუჯეტის სახსრებს უყურებენ ისე, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს, ეს უკვე დამტკიცდა ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 000 ლარით. კალაძე აგრძელებს 20 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ტრადიციას და ამ შემთხვევაშიც ბიუჯეტის ხარჯზე იფრინა მილანის მიმართულებით, სადაც თმები შეიჭრა. ბიუჯეტმა ვიზიტში გადაიხადა 14 000 ლარზე მეტი. კონკრეტული დოკუმენტაცია გვაქვს წარმოდგენილი, კალაძის ბრძანება, რომელზეც მისი ხელმოწერაა. აღნიშნულით დასტურდება ის იყო პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრაზე. ჩამოსვლის შემდეგაც ვინ იყო ეს პოტენციური ინვესტორი, ბურუსით არის მოცული, რადგან დოკუმენტაციაში ამაზე არაფერი არ წერია. სავარაუდოდ, პოტენციურ ინვესტორად კალაძე განიხილავს იმ დალაქს, რომელმაც მას „ნანეტი“ შეჭრა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენელს თბილისის მერიის პრესსამსახურმა უპასუხა. მათი ინფორმაციით, „მილანში კალაძე შეხვდა ტრანსპორტის საკითხებზე პოტენციურ ინვესტორებს, რათა მოხდეს ქალაქის ავტოპარკის ჩანაცვლება. ინვესტორებს, რომლებიც ხარისხიან ტრანსპორტს შემოგვთავაზებს ნაკლებ ფასში. ეს იყო შეხვედრების მიზანი. სამი ქვეყანა მოიარა ორ დღეში. 21-ში გაფრინდა 23-ში თბილისში იყო".