ბორჯომის ადმინისტრაციულ შენობასთან დღეს, 28 მარტს დაგეგმილ საკრებულოს სხდომასთან დაკავშირებით, რომელზეც თავმჯდომარის იმპიჩმენტს უნდა უყარონ კენჭი, პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
იმპიჩმენტის მოთხოვნით განცხადება ბორჯომის საკრებულოში 21 მარტს შევიდა. დოკუმენტს 15 დეპუტატი აწერს ხელს. მათგან ორი, მამუკა ლურსმანაშვილი და ტატიანა მარტინენკო ზაზა ჩაჩანიძის თანაგუნდელები „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არიან, 13 კი „ქართული ოცნების“ დეპუტატია.
იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 15 დეპუტატის ხმა სჭირდება. ბორჯომის საკრებულოში სულ 28 დეპუტატია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის საკრებულოს შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მობილიზება ბორჯომის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართვის საფუძველზე მოხდა.
ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“