„დაზარალებული ჩემი ყ ო ფ ი ლ ი მეუღლის ნათესავია. არც მასთან და არც სხვა ნათესავებთან 10 წელიწადზე მეტია, ურთიერთობა არ მაქვს, სამწუხაროდ. არც მათ კარიერულ წინსვლაში არ მიმიძღვის წილი. მათ ჩემს პოლიტიკაში მოსვლამდე ბევრად ადრე დაიწყეს მუშაობა და თავაინთი პროფესიონალიზმით აღწევდნენ წარმატებას", - ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი პაპუნა უგრეხელიძის განცხადებას, რომ მის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ სავარაუდო მსხვერპლის მეუღლე, რომელიც ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმაა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა პოზიციიდან. ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილი Facebook-ზე წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ჟურნალისტი დამიკავშირდა და პაპუნა უგრეხელიძეზე კომენტარი მთხოვა. უარის სათქმელად მოვემზადე, რადგან მასთან მრავალწლიანი (სტუდენტობიდან) კარგი მეგობრობა მაკავშირებდა და მის სახელთან დაკავშირებული სკანდალური ინფორმაცია სასიამოვნო მოსასმენი არ იყო ჩემთვის. მთავარი მოულოდნელობა თურმე წინ მელოდა. პაპუნას თავის განცხადებაში მე ვუხსენებივარ....
პაპუნამ სექსუალურ შევიწროებაში მისი დადანაშაულება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა და ირიბად თუ პირდაპირ ჩემს სახელთან დააკავშირა.
თვალწინ დამიდგა სტუდენტობა, ერთად გატარებული წლები... რად უნდა გიღირდეს ქალზე შურისძიება, რომ ყველაფერს ამას ხაზი გადაუსვა უღირსი სპეკულაციით?!
მხოლოდ ფაქტები:
1. დაზარალებულის სახელი დღეს, მისი პოსტიდან შევიტყვე (ამ ინფორმაციის გაჟღერებით, პაპუნამ უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა)
2. დაზარალებული ჩემი ყ ო ფ ი ლ ი მეუღლის ნათესავია. არც მასთან და არც სხვა ნათესავებთან 10 წელზე მეტია, ურთიერთობა არ მაქვს, სამწუხაროდ. არც მათ კარიერულ წინსვლაში მიმიძღვის წილი. მათ ჩემს პოლიტიკაში მოსვლამდე ბევრად ადრე დაიწყეს მუშაობა და თავიანთი პროფესიონალიზმით აღწევდნენ წარმატებას.
3. დაზარალებული ქალბატონი ღირსებით სავსე, წესიერი ადამიანია. ვუცხადებ სრულ ნდობას და მხარდაჭერას.
უღირსობა და ფსკერი! - აი, ეს კომენტარი შეიძლება გქონდეს ადამიანში იმედგაცრუების მერე", - ნათქვამია Facebook სტატუსში.