ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ამჯერად, იგეგმება შიდა რესტრუქტურიზაცია გაერთიანებულ - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
„როგორც ცნობილია, 2017 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ყოვლად დაუსაბუთებელ ინიციატივას - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიერთებას და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირებასთან დაკავშირებული გარკვეული ფუნქციების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადაცემას.
2018 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ამჯერად, იგეგმება შიდა რესტრუქტურიზაცია გაერთიანებულ - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. კერძოდ, სამინისტრო გეგმავს, გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე პროექტების შესახებ (მაგ., ენერგეტიკული, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო, სამთო-მოპოვებითი, მეტალურგიული, ქიმიური წარმოების და სხვა პროექტების შესახებ) გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების დელეგირებას სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (სსიპ) - გარემოს ეროვნულ სააგენტოზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ ასაბუთებს დაგეგმილ რესტრუქტურიზაციას და არც ცვლილებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საფრთხეებს ითვალისწინებს. კერძოდ:
1. სამინისტრო არ თვლის პრობლემურად სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კომერციული ინტერესებისა (საკონსულტაციო მომსახურების გაწევის) და სამინისტროს სახელმწიფო მართვის ფუნქციების (სანებართვო დოკუმენტების გაცემის) ერთ უწყებაში - სააგენტოში - თავმოყრას.
სამინისტრო ვერ ხედავს ასეთ გაერთიანებაში არსებულ აშკარა შეუთავსებლობას და კორუფციის რისკებს.
2. სამინისტროს თანახმად, იგეგმება არამარტო გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის (დეპარტამენტი, რომელიც ამჟამად პასუხისმგებელია პროექტების ექსპერტიზაზე და მინისტრის მიერ მისაღები გადაწყვეტილების მომზადებაზე) გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადატანა, არამედ სამინისტროს სხვა დანაყოფებში მომუშავე სპეციალისტების სააგენტოში გადაყვანაც.
მწვანე ალტერნატივას მიაჩნია, რომ ეს პროცესი უცილობლად გამოიწვევს ახალგაერთიანებულ სამინისტროში გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულებაზე პასუხისმგებელი ერთეულების დასუსტებას და საბოლოო ჯამში, სამინისტროს გარემოსდაცვითი ფუნქციების დაკნინებას.
3. სამინისტროს თანახმად, დაგეგმილი რესტრუქტურიზაცია განპირობებულია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული ახალი ვალდებულებების (ნორმების ნაწილი ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვარს, ნაწილი კი, დროთა განმავლობაში ამოქმედდება) სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო საკადრო რესურსების დეფიციტით; გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში შესაფერისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების ნაკლებობით.
ამ მდგომარეობიდან გამოსავლად, სამინისტრო არ განიხილავს არც დეპარტამენტის უფრო კვალიფიციური ან/და მეტი თანამშრომლებით უზრუნველყოფას, დეპარტამენტში უკვე დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას და არც მსოფლიოში (და საქართველოშიც) აპრობირებული გარე ექსპერტიზის ჩართვის შესაძლებლობას.
4. დაგეგმილი ცვილილების საჭიროების დამასაბუთებელ დამატებით არგუმენტად, სამინისტრო განიხილავს ამ უწყებაში ერთიანი საინფორმაციო ბაზის არარსებობას. სამინისტრო ამტკიცებს, რომ: “...სამინისტროში არსებული სერვერები და გეოსაინფორმაციო მონაცემები ფრაგმენტირებულია/დანაწილებულია მის შემადგენლობაში შემავალ ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, რაც აფერხებს ეფექტურ სამუშაო პროცესს... არსებული მდგომარეობით, სამინისტროს სისტემაში ყველაზე განვითარებული და მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო ბაზა გააჩნია სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს, რომელზე წვდომაც შეზღუდულია სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის, რადგან არსებული ბაზების განვითარება განხორციელდა კონკრეტული საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, რომელთა პოლიტიკაც ხშირ შემთხვევაში არ უშვებს ინფორმაციის ფართოდ გამოყენებას“.
მწვანე ალტერნატივა თვლის, რომ სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთეულებს შორის ინფორმაციის გაცვლის სისუსტე (ან არარსებობა) ძალზე პრობლემურია, ზოგადად, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს დაგეგმილი ცვლილების საფუძვლად. სამინისტროს აბსურდულ ლოგიკას რომ მივყვეთ, ინფორმაციის გაცვლის პრობლემა სრულად მოგვარდებოდა, თუ სამინისტროში საერთოდ აღარ იქნება არანაირი დანაყოფი (სააგენტო, სამმართველო, დეპარტამენტი თუ განყოფილება) და მთელი სამინისტრო, ყველა დანაყოფით, ერთ შენობაში განთავსდება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ 2018 წ. 27 თებერვალს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ვერ დაასახელეს ის დონორები/პროექტები, რომლებიც კრძალავენ გარემოს მდგომარეობის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებას.
5. დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის კიდევ ერთ აბსურდულ მიზეზად, სამინისტრო ასახელებს ადამიანური რესურსების ნაკლებობას, პერიოდულად, საქართველოს რეგიონებში განცხადებების გამოსაკრავად („გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ ითხოვს საჯარო განხილვების მოწყობას პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობისთვის და ამ განხილვების შესახებ განცხადებების საჯარო ადგილებზე გაკვრას).
2018 წ. 27 თებერვალს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ არც ეს არის სარწმუნო არგუმენტი; აღმოჩნდა, რომ სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რესტრუქტურიზაციის გარეშე, მოძებნოს ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელების (განცხადებების გაკვრის) გზები.
მწვანე ალტერნატივა თვლის, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რესტრუქტურიზაცია, ამჟამად დაგეგმილი სახით, კიდევ უფრო დაასუსტებს გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებას და ამასთან ერთად, შექმნის ნოყიერ ნიადაგს კორუფციული გარიგებებისთვის. დაგეგმილი ცვლილებების დაუსაბუთებლობა, ერთი მხრივ, აჩენს ეჭვებს თანამდებობის პირთა არაჯანსაღ, ფარულ ინტერესებზე, რომელსაც შესაძლოა ემსახურებოდეს რესტრუქტურიზაცია; მეორე მხრივ, კი, მეტყველებს სურვილზე, მიიჩქმალოს ის სირთულეები, რაც გამოიწვია 2017 წლის დასასრულს მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებამ, სამინისტროთა გაერთიანების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.