
თბილისის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსთან“ განაცხადა, რომ ახლა ყველამ თავისი პოლიტიკური და პირადი ამბიცია გვერდზე უნდა გადადოს, მაშინ, როცა საქმე გენერალურ გეგმას ეხება. ნარმანიას თქმით, ახლა საჭიროა, რომ ყველა ერთად დაჯდეს და საბოლოოდ დოკუმენტზე შეთანხმდნენ.
„მე მგონი, ახლა არის ის ეტაპი, როდესაც გენერალური გეგმის ჯგუფი და თბილისის მერია ერთად უნდა დასხდნენ. ცალ-ცალკე განხილვებით და, ასე ვთქვათ, ეთერებით ეს საკითხი ასე არ მოგვარდება. უბან-უბან უნდა გაიარონ წარმოდგენილი ზონირება.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც საუბარი, რომ ახალი მერიის პროგრამა, ახალი გუნდის ხედვა შესაძლოა, ოდნავ განსხვავებული იყოს, ვიდრე ჩემი პროგრამა და ჩემი ხედვა იყო. ამიტომ გენგეგმის, ასე ვთქვათ, კონცეპტუალური ქუდი და საკითხი, ასევე ახალი გუნდის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა ერთმანეთთან ჰარმონიზაციაში უნდა მოვიდეს.
შესაბამისად, ითქვა კიდეც, რომ კარები ღიაა და ერთად გავიაროთ საკითხი. ახლა ყველამ თავისი პოლიტიკური, პიროვნული ამბიცია თუ სხვა რაღაცები გვერდზე უნდა გადადოს, ვინაიდან ერთად დასხდომის დროა. შეუთანხმებელი არაფერი იქნება, უბრალოდ გენერალური გეგმა თავისი არსით ისეთი დოკუმენტია, რომ აბსოლუტურად უნივერსალურ და ყველასთვის მოსაწონ დოკუმენტს ვერ მივიღებთ’, - განაცხადა ნარმანიამ „პალიტრანიუსთან“.