საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს თავმჯდომარის არჩევა ვერ შეძლო.
როგორც „ლიბერალს“ სამეურვეო საბჭოს აპარატში განუცხადეს, თავმჯდომარეობის კანდიდატებად ორი მეურვე გია იაკობიძე და გიორგი ნიჟარაძე დასახელდნენ, თუმცა ორივე მათგანმა თვითაცილება მოითხოვა.
მათივე განმარტებით, საბჭოს არსებული შემადგენლობით გაიმართება კონსულტაციები და 17 აპრილამდე შესაძლებელია განმეორებით ჩატარდეს საბჭოს თავმჯდომარის არჩევა. ამჟამინდელ თავმჯდომარეს, გრიგოლ გოგელიას 17 აპრილს უფლებამოსილება უწყდება.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას 17 აპრილამდე გრიგოლ გოგელია გააგრძელებს. დღევანდელ სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს, მარინა მუსხელიშვილს ირინა ფუტკარაძე შეცვლის. თუკი 17 აპრილამდე საბჭო თავმჯდომარეს ვერ აირჩევს, მაშინ თავმჯდომარის უფლებამოსილებას, მისი მოადგილე ირინა ფუტკარაძე გააგრძელებს.
*************
23 მარტს, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ორი ახალი წევრი აირჩია. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით წარდგენილმა კანდიდატმა, ბესიკ ლილუაშვილმა პარლამენტის დეპუტატთა ხმათა უმრავლესობა (101) მიიღო. უმრავლესობის კვოტით წარდგენილმა ზაზა შათირიშვილმა კი პარლამენტის მხარდაჭერა 103 ხმით მიიღო.
ვაკანტურია სახალხო დამცველის კვოტით ასარჩევი კანდიდატის ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში. კანდიდატს სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში არსებული სიიდან დაასახელებს.