
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის დიპლომატი მიუღებელ პირად გამოაცხადა და საქართველოს დასატოვებლად 7-დღიანი ვადა მისცა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. „აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის. სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. დიდ ბრიტანეთში ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ამერიკამ და ევროპის 18-მა ქვეყანამ სულ 132 რუსი დიპლომატი გააძევა. „მითების დეტექტორის“ მიერ შედგენილი სია ასეთია: - ამერიკის შეერთებული შტატები - 60 - დიდ ბრიტანეთი - 23 - საფრანგეთი - 4 - კანადა - 4 - ჩეხეთის რესპუბლიკა - 3 - პოლონეთი -4 - ნიდერლანდები -2 - დანია- 2 - გერმანია - 4 - იტალია -2 - ხორვატია - 1 - ალბანეთი - 2 - რუმინეთი- 1 - უკრაინა - 13 - ლიტვა - 3 - ლატვია -1 - ესტონეთი- 1 - ფინეთი - 1 - შვედეთი -1 სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორივე მათგანი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებითაა მოწამლული. მომხდარი მალევე დაუკავშირეს რუსეთს, რადგან აღნიშნულ მომწამვლელ ნივთიერებას მხოლოდ რუსეთში ამზადებდნენ.