Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბახალას" ორგანიზებული ნარკოდანაშაულის მუხლით ახალი ბრალი წარედგინება

30 მარტი, 2018 17:15

რამდენიმე წუთის წინ შსს-ს ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი გიორგანაშვილს,  „ბახალას", ორგანიზებული ნარკოდანაშაულის მუხლით ახალი ბრალი წარედგინება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 30 მარტს დააკავეს გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების 900 აბის საქმის ორგანიზატორი ირაკლი ქორიძე. შსს-ს განცხადებით, ირაკლი ქორიძის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის იანვარში ის შეუთანხმდა თავის ნაცნობებს გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

შსს-ს თქმით, 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯაბა ხულორდავა ფარულად შეხვდა გიორგი გიორგანაშვილს, რომელმაც, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომელმაც 2017 წლის 24 იანვარს ნარკოტიკული საშუალებები სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

შსს-ს განცხადებით, ჯაბა ხულორდავა 24  იანვარს დააკავეს და რეანომობილიდან ამოიღეს თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

ამ დროისთვის, ჯაბა ხულორდავა უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ირაკლი ქორიძესთან ერთად წარედგინება ახალი ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის. 

გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შეძენა-შენახვაში ადანაშაულებდა. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, რომ ეთანამშრომლა მათთან და ერთ-ერთი პირის, ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება (რომ სხვა საგამოძიებო მოქმედების დროს აღმოჩენილი ნაროტიკები ქორიძეს ეკუთვნოდა).

„ბახალას" ადვოკატის გიორგი მახარაძის თქმით, ჯაბა ხულორდავასთან აღმოჩენილ ნარკოტიკებზე ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა და ექსპერტიზის დასკვნით, მასზე გიორგი გიორგანაშვილის კვალი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ჯაბა ხულორდავასა და გიორგი გიორგანაშვილის საქმეები, რომლებიც თავიდან გაერთიანებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაიყო.

გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) ადვოკატი გიორგი მახარაძე ამბობს, რომ ჯერ „ბახალასთვის“ ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, შესაბამისად, საქმის მასალებს არ გაცნობია.

მისი თქმით, „ბახალას“ საქმეში რეანომობილში აღმოჩენილ ნარკოტიკებზე მტიკიცებულება არ იყო. რაც შეეხება ახალ ბრალდებას, დაცვის მხარე გაეცნობა საქმის მასალებს - აქვს თუ არა ბრალდებას „ბახალას“ წინააღმდეგ მტკიცებულებები.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

შსს-ს განცხადება იხილეთ ვრცლად:

„რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გამოვავლინეთ და დავაკავეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

მიმდინარე წლის 30 მარტს, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი - ი.ქ., რომლის ორგანიზებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის იანვარში ი.ქ. შეუთანხმდა თავის ნაცნობებს - გ.გ.-სა და ჯ.ხ.-ს, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ი.ქ.-მ, გ.გ.-მ და ჯ.ხ.-მ აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა შეიმუშავეს და როლები გაინაწილეს.

შეთანხმებისამებრ, გ.გ. ი.ქ.-ს ფინანსური დახმარებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმყოფებოდა. მან ამ დროის განმავლობაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი, დაახლოებით, 900 აბი ნარკოტიკული საშუალება.

ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზების მიზნით, ი.ქ.-მ განახორციელა შემდეგი ქმედებები:

2017 წლის იანვრიდან იგი, ფაქტობრივად, დირექტორის ფუნქციებს ასრულებდა მამამისის - თ.ქ.-ს კუთვნილ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“, რომელიც პაციენტებს რეანომობილით ტრანსპორტირების მომსახურებას უწევდა, მათ შორის, საზღვარგარეთ. ისარგებლა რა აღნიშნულით, ი.ქ.-მ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“ რეანომობილის მძღოლად მუშაობა დააწყებინა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ჯ.ხ.-ს.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ჯ.ხ. 2017 წლის 23 იანვარს რეანომობილით უნდა გამგზავრებულიყო თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, სადაც მას შეხვდებოდა გ.გ. და გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც ჯ.ხ. რეანომობილში მოათავსებდა. ამგვარი შენიღბული გზით, ჯ.ხ. ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ შემოიტანდა საქართველოში, შემდეგ კი ი.ქ.-ს გადასცემდა. რეანომობილის თურქეთში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, ი.ქ.-ს მითითებით, ჯ.ხ. დაუკავშირდა მათ საერთო ნაცნობს - ლ.შ.-ს, რომელსაც რეანომობილით საზღვარგარეთ ტრანსპორტირების არანაირი სამედიცინო საჭიროება არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, ი.ქ.-მ დაიყოლია ლ.შ., 2017 წლის 23 იანვარს ჯ.ხ.-ს რეანომობილით წაჰყოლოდა ქალაქ ტრაპიზონში, იმ მოტივით, რომ მას თურქეთში სისხლის ანალიზს აუღებდნენ. ი.ქ. დაჰპირდა ლ.შ.-ს, რომ ტრანსპორტირებისა და სამედიცინო პროცედურისთვის საჭირო თანხას თავად გადაუხდიდა. ი.ქ.-მ, რეანომობილის თურქეთში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, მის მიერ ხელოვნურად მოძიებულ პაციენტს კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი და ექთანი გააყოლა.

2017 წლის 23 იანვარს ექიმი, ექთანი და ხელოვნურად შერჩეული პაციენტი თურქეთის მიმართულებით გაემართნენ რეანომობილით, რომელსაც ჯ.ხ. მართავდა. გზაში რეანომობილი გაფუჭდა, რის გამოც ექიმსა და ექთანს თბილისში დაბრუნება სურდათ, ვინაიდან ლ.შ.-სთვის სისხლის ანალიზის აღება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი.ქ.-მ არ დააბრუნა ისინი თბილისში და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ახალციხის ფილიალიდან სხვა რეანომობილი გამოიძახა. ჯ.ხ. არ დარჩა გაფუჭებულ რეანომობილთან და გამოძახებულ რეანომობილს თურქეთში თვითონაც წაჰყვა, ვინაიდან დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, სწორედ იგი უნდა შეხვედროდა ქ. ტრაპიზონში გ.გ.-ს და დანაშაულის შენიღბვისა და გაადვილების მიზნით, საქართველოში რეანომობილით წამოეღო ნარკოტიკული საშუალებები.
2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯ.ხ. ფარულად შეხვდა გ.გ.-ს, რომელმაც, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომლებიც ჯ.ხ.-მ რეანომობილში მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა. მან ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

2017 წლის 24 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ჯ.ხ., რომლის მითითებითაც, რეანომობილში არსებული სამალავიდან ამოღებულ იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
ამ დროისთვის, ჯ.ხ. უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.გ.-ს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ი.ქ.-სთან ერთად წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის. 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^