ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებული შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილი ირაკლი ქორიძე დანაშაულს არ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ქორიძის ადვოკატის, სალომე ჯანიაშვილის თქმით, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, ერთი ჩვენების გარდა, რომელიც ქორიძის მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს.
„რა თქმა უნდა, არ აღიარებს დანაშაულს. მივიდა, მოწმის სახით ჩვენება მისცა გამოძიებას თავისივე საქმეზე და ერთი წლის წინ მიცემული ჩვენებით ახლა დაიჭირეს. ის არც გიორგანაშვილის და არც ხულორდავას საქმეებზე არაა დაკითხული, მაშინ როდესაც გიორგანაშვილს სთხოვდნენ ქორიძეზე ინფორმაციებს. საქმეში ხულორდავას ჩვენების გარდა, არანაირი მტკიცებულება არ დევს, რომელიც მას ერთი წლის წინ აქვს მიცემული გამოძიებისთვის“,-განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ჯანიაშვილმა.
30 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დააკავეს გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების 900 აბის საქმის ორგანიზატორი ირაკლი ქორიძე.
შსს-ს განცხადებით, ირაკლი ქორიძის ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის იანვარში ის შეუთანხმდა თავის ნაცნობებს გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
შსს-ს თქმით, 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯაბა ხულორდავა ფარულად შეხვდა გიორგი გიორგანაშვილს, რომელმაც, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომელმაც 2017 წლის 24 იანვარს ნარკოტიკული საშუალებები სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
შსს-ს განცხადებით, ჯაბა ხულორდავა 24 იანვარს დააკავეს და რეანომობილიდან ამოიღეს თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
ამ დროისთვის, ჯაბა ხულორდავა უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ირაკლი ქორიძესთან ერთად წარედგინება ახალი ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის.