საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ამოცანებს, ყველაზე მეტად, 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით და საქართველოს პარლამენტის წევრთა (ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე) ინიცირებით შემოთავაზებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა შეესაბამება. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშში.
ომბუდსმენი წერს, რომ აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში, ძირითადად იგეგმება, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რაც თავის მხრივ, გაზრდის სახელმწიფოსადმი ნდობას და შესაბამისად ნარკომომხმარებელთა მიერ დახმარებისთვის სახელმწიფოსადმი მიმართვიანობას. ასევე, ხელს შეუწყობს ნარკოტიკული დანაშაულისთვის სანქციების ლიბერალიზაციასა და ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობების სამართლიან განსაზღვრას;
„იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურის სამართლებრივად გამართვას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას; ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას; ახლებური ზრუნვის (მომსახურების) გარემოს შექმნას, რომელშიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირები მიიღებენ დახმარებას; მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის სისტემების გაუმჯობესებას და გადარწმუნების კომისიების შექმნას“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს:
დროულად განიხილოს 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით და პარლამენტის წევრთა (ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე) მიერ ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტი და მიიღოს იგი იმგვარად, რომ მოხდეს:
- ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნარკომომხმარებელთა მიერ დახმარებისთვის სახელმწიფოსადმი მიმართვიანობის ზრდას და ნდობას სახელმწიფოსადმი;
- სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული ნივთიერებებისათვის მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობების სამართლიანი და ადეკვატური განსაზღვრა;
- იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურის სამართლებრივად გამართვა და მისი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- ხლებური ზრუნვის (მომსახურების) გარემოს შექმნა, რომელშიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირები მიიღებენ დახმარებას;
- მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკით ვერ ხერხდება ზიანის შემცირება და ნარკომომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სხვადასხვა ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება შეუძლებელი ხდება, რადგან მომხმარებლები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით თავს იკავებენ გარკვეული ქმედებების განხორციელებისგან. შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით დღის წესრიგში დგას არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილება.
„შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მკაცრი ნარკოპოლიტიკა აღარ ტოვებს ნარკომომხმარებელთა ეფექტური მკურნალობა- რეაბილიტაციისთვის საკმარის სივრცეს. სახელმწიფო ებრძვის უფრო მეტად ნარკომომხმარებელს, ვიდრე ნარკომანიას. სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ნარკომომხმარებელთა კრიმინალიზაცია და სტიგმა აიძულებს მათ დამალონ თავისი პრობლემა, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამწვავებს ნარკომანიის თანმდევ უარყოფით შედეგებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველი წერს, რომ საქართველოში მოქმედი ნარკოკანონმდებლობა ორიენტირებულია მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებზე და მიმართულია მიწოდების შეზღუდვაზე. ამიტომ, პოლიტიკის რეპრესიულ შემადგენელსა და ძალოვან ღონისძიებებზე გამოყოფილი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოცულობა განაპირობებს მკვეთრ დისბალანს ანტინარკოტიკული პოლიტიკის სადამსჯელო და ზრუნვის/დახმარების ვექტორებს შორის.