ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი და თანასწორობის უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს 2017 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
ომბუდსმენის შეფასებით, საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი, ამასთან, პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინიციატივების სიმწირე და პოლიტიკური პარტიების არასაკმარისი ნება, ქალთა დაწინაურების ხელშესაწყობად.
2017 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა. პარლამენტთაშორისი კავშრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს, 24 ქალით პარლამენტში, 2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით, 193 ქვეყანას შორის 124-ე ადგილი უკავია.
ანგარიშში საუბარია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი, წინა წლების მსგავსად, კვლავ დაბალია; 14 მინისტრიდან მხოლოდ 2 ქალია.
„მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროებში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მათი რაოდენობა დაბალია და 19%-ს შეადგენს. გენდერის საკითხებში მრჩეველი ჰყავს მხოლოდ 1 სამინისტროს, 8 სამინისტროს არ ჰყავს, ხოლო 6 სამინისტროში აღნიშნული ფუნქციები სხვა უფლებამოსილების მქონე პირს აქვს შეთავსებული, "- ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის მხრიდან დროებითი საკანონმდებლო ღონისძიების, კვოტირების მხარდაჭერას.
ქალების ეკონომიკური აქტივობა და შრომითი უფლებები
ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წლის „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების მიხედვით გაუმჯობესდა და 144 ქვეყანას შორის 75-ე ადგილზეა.
ამავე კვლევის მიხედვით, უცვლელია თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც საქართველო 45-ე ადგილს იკავებს.
„ქალთა თანაბარ მონაწილეობას ასევე აბრკოლებს ბავშვზე ზრუნვის ტვირთის არათანაბარი განაწილება, რაც ერთი მხრივ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ შეხედულებებს, ხოლო მეორე მხრივ საკანონმდებლო ხარვეზებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ კვლავ არ მომხდარა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „დედობის შესახებ“ 183–ე კონვენციის რატიფიცირება. მიუხედავად იმისა, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ორივე მშობლის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძვლები ბუნდოვანია და ბარიერს ქმნის კაცი მშობლის მიერ აღნიშნული უფლებით სარგებლობის დროს, "- ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთან, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, შვებულების ანაზღაურების გაცემის წესის რეგულირება კერძო სექტორში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით, რადგან, დღემდე, ქალის მიერ ორსულობის, მშობიარობის, და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისას ანაზღაურების გაცემა დამსაქმებლის კეთილ ნებასა და გენდერულ მგრძნობელობაზეა დამოკიდებული.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები
ომბუდსმენი ამბობს, რომ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე. ინფორმაციის სიმწირე პრობლემას ქმნის ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების, არასასურველი ორსულობის, აივ და სხვა სექსუალური გზით გადამდები დაავადებების კუთხით და ხელს უშლის საზოგადოებაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრას.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების სწავლება ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს.
ომბუდსმენი მიესალმება, რომ არსებობს წინსვლა დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, მათ შორის დედათა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლისა და ხელოვნური აბორტების შემცირების თვალსაზრისით.
კერძოდ, 2017 წელს ქალთა კონსულტაციებისა და სამშობიარო სახლების წინასწარი მონაცემებით, საქართველოში გაკეთდა 24,308 აბორტი , მაშინ, როდესაც 2016 წელს ამ ციფრმა 26,838 შეადგინა. წინა წლების მსგავსად, ყველაზე მეტი აბორტი 25-29 წლამდე ასაკის ქალებზე მოდის (7280). 15 წლამდე მოზარდებში, აბორტის მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით, 26%-ით შემცირდა.
„სამწუხაროდ, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით დეტალური მონაცემებისა და სტატისტიკის ნაკლებობის გამო სახელმწიფო პოლიტიკა ადეკვატურად ვერ პასუხობს ქალთა განსხვავებულ საჭიროებებს"- ამბობს ომბუდსმენი.
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა
ომბუდსმენის მიჩნევს, რომ 2017 წელს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის და დამცავი ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებელი, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება შემთხვევაზე რეაგირებისას რისკის შეფასება, მსხვერპლის დაცვის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და განმეორებითი ძალადობის თავიდან ასაცილებლად ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელება
რაც შეეხება გამოძიების დაწყების მაჩვენებელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126 1 მუხლებით გამოძიება 2852 საქმეზე დაიწყო. რაც შეეხება ქალის მიმართ ძალადობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 1 მუხლით გამოძიება 19 საქმეზე დაიწყო, საიდანაც 5 საქმეზე დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების მხოლოდ 1 საქმეზე დაიწყო გამოძიება, რომელიც შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო
ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ პრობლემას წარმოადგენს რეგიონებიდან დაბალი მიმართვიანობა ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენა.
“დაბალია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა ინფორმირებულობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. ძალადობის მსხვერპლები ხშირად უთითებენ იმ ბარიერებზე, რომლებსაც ისინი სამართალდამცავ უწყებასთან ურთიერთობისას აწყდებიან."
ტრეფიკინგი
ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები და ბავშვები.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივნისის ანგარიშში, საქართველო 2016 წლის მსგავსად, პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს. მიუხედავად ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო გოგონების და ქალების სექს-ტრეფიკინგის, ასევე, მამაკაცების, ქალების და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყარო, სატრანზიტო და მიმართულების ქვეყანაა.
2017 წლის განმავლობაში, ტრეფიკინგის 21 სავარაუდო ფაქტზე დაიწყო გამოძიება
2017 წელს ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის დაზარალებულის სტატუსი 8 ქალს, ხოლო მსხვერპლის სტატუსი, განხორციელებული სექსუალური ექსპლუატაციის საფუძველზე, 4 ქალს მიენიჭა.
“იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, აღნიშნული ორმაგად აძლიერებს სექს-ტრეფიკინგის რისკს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტულ და საზღვრისპირა რეგიონებზე, "- ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.