ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ირაკლი ქორიძე დანაშაულს არ აღიარებს. ქორიძის ადვოკატის, სალომე ჯანიაშვილის თქმით, ერთი ჩვენების გარდა, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ქორიძის მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს.
„რა თქმა უნდა, არ აღიარებს დანაშაულს. მივიდა, მოწმის სახით ჩვენება მისცა გამოძიებას თავისივე საქმეზე და ერთი წლის წინ მიცემული ჩვენებით ახლა დაიჭირეს. ის არც გიორგანაშვილის და არც ხულორდავას საქმეებზე არაა დაკითხული, მაშინ როდესაც გიორგანაშვილს სთხოვდნენ ქორიძეზე ინფორმაციებს. საქმეში ხულორდავას ჩვენების გარდა, არანაირი მტკიცებულება არ დევს, რომელიც მას ერთი წლის წინ აქვს მიცემული გამოძიებისთვის“, - განუცხადა ჯანიაშვილმა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------
შინაგან საქმეთა სამინისტრო ირაკლი ქორიძეს გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების 900 აბის საქმის ორგანიზატორობაში სდებს ბრალსს. შსს-ს განცხადებით, ირაკლი ქორიძის ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის იანვარში ის შეუთანხმდა თავის ნაცნობებს გიორგი გიორგანაშვილსა (ბახალა) და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
შსს-ს თქმით, 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯაბა ხულორდავა ფარულად შეხვდა გიორგი გიორგანაშვილს, რომელმაც, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომელმაც 2017 წლის 24 იანვარს ნარკოტიკული საშუალებები სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
შსს-ს განცხადებით, ჯაბა ხულორდავა 24 იანვარს დააკავეს და რეანომობილიდან ამოიღეს თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
ამ დროისთვის, ჯაბა ხულორდავა უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ირაკლი ქორიძესთან ერთად წარედგინება ახალი ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის.
გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შეძენა-შენახვაში ადანაშაულებდა. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, რომ ეთანამშრომლა მათთან და ერთ-ერთი პირის, ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება (რომ სხვა საგამოძიებო მოქმედების დროს აღმოჩენილი ნაროტიკები ქორიძეს ეკუთვნოდა).
„ბახალას" ადვოკატის გიორგი მახარაძის თქმით, ჯაბა ხულორდავასთან აღმოჩენილ ნარკოტიკებზე ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა და ექსპერტიზის დასკვნით, მასზე გიორგი გიორგანაშვილის კვალი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ჯაბა ხულორდავასა და გიორგი გიორგანაშვილის საქმეები, რომლებიც თავიდან გაერთიანებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაიყო.