სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემასთანაა დაკავშირებული ბავშვის სიცოცხლის და განვითარების უფლების ეფექტიანი განხორციელება.
სახალხო დამცველის შეფასებით, 2017 წელს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგების გასაჯაროებამ ნათელი მოჰფინა არსებულ მძიმე მდგომარეობას.
კვლევის ანგარიშის თანახმად, იაშვილის კლინიკაში სხვადასხვა დიაგნოზით შეყვანილი 2-5 წლის ასაკის 254 ბავშვიდან სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა გამოკვლეულთა 33%-ს აღმოაჩნდა.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა სუიციდის საკითხზე. ომბუდსმენი ამბობს, რომ ბავშვთა თვითმკვლელობების შემთხვევები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და პრობლემურ მიმართულებაა.
ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს გაიზარდა არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის შემთხვევათა რაოდენობა; არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით, სსკ 115-ე მუხლით გამოძიება დაიწყო 36 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, სუიციდის 9 და სუიციდის მცდელობის 27 შემთხვევაზე. გასულ წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაიზრდა 20 %-ით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორებთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა, დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა და რისკის ქვეშ მყოფი ან/და სავარაუდო რთული ქცევის მქონე მოზარდებისათვის ეფექტიანი ფსიქოლოგიური სერვისის დროული მიწოდება.