პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ ბოდიში აქვს ყველა იმ ადამიანს მოსახდელი, ვინც ამტკიცებდა, რომ [ირაკლი] ქორიძეს და „ბახალას" [გიორგი გიორგანაშვილი] ნარკოტიკი ჩაუდეს.
„დაუმსახურებლად სასამართლოს ქვები და პოლიციას ტალახი ესროლეს. რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ საქართველოში. სამწუხაროა, ასევე ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტი მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში.
„თეთრი ხმაურმა“ და პლატფორმამ, რომლებიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად ცდილობენ ჩართვას, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და საკითხები ობიექტურად შეაფასონ.
ქართულ საზოგადოებაში სახელმწიფოში ნარკოტიკების გამსაღებლები ყოველთვის იქნებიან ე.წ ბარიგებად მოხსენიებულნი და მათ მიმართ უმკაცრესი სასჯელი იქნება მზად," - ამბობს ვანო ზარდიაშვილი.
30 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დააკავეს გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების 900 აბის საქმის ორგანიზატორი ირაკლი ქორიძე.
ხოლო, შსს-ს ინფორმაციით, გიორგი გიორგანაშვილს, „ბახალას", ორგანიზებული ნარკოდანაშაულის მუხლით ახალი ბრალი წარედგინება.
შსს-ს განცხადებით, ირაკლი ქორიძის ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის იანვარში ის შეუთანხმდა თავის ნაცნობებს გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
შსს-ს თქმით, 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯაბა ხულორდავა ფარულად შეხვდა გიორგი გიორგანაშვილს, რომელმაც, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომელმაც 2017 წლის 24 იანვარს ნარკოტიკული საშუალებები სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
შსს-ს განცხადებით, ჯაბა ხულორდავა 24 იანვარს დააკავეს და რეანომობილიდან ამოიღეს თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
ამ დროისთვის, ჯაბა ხულორდავა უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ირაკლი ქორიძესთან ერთად წარედგინება ახალი ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის.