გუშინ ქალაქის მერმა გიგის, რომელიც 15 წლის არის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, „მზიურში“ ჯიხური გადასცა, სადაც ის წვენებს გაყიდის.
გიგი, რომელიც მანამდე რუსთაველის გამზირზე საკუთარი სახლის წინ ვაჭრობდა, გარევაჭრობასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების გამო, თავისი ბიზნესის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა. ამიტომ მერის ინიციატივა - „მზიურში“ გიგისთვის ადგილის გამოყოფა - საზოგადოების მხრიდან დადებითად შეფასდა.
თავის მხრივ გიგისაც ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობდა, რომ 15 წლის ბიჭს თავის ბიზნესსაქმიანობაში ხელი არ უნდა შეშლოდა, რომელსაც, როგორც მშობელი განმარტავს, მისი დაჟინებული სურვილისა და ინტერესის გამო მოჰკიდა ხელი.
თუმცა ამის პარალელურად გაჩნდა კითხვები, რომლებიც გიგის განათლებასა და მისი, როგორც ბავშვის საბაზისო უფლებების შესაძლო დარღვევას ეხება. დადის თუ არა გიგი სკოლაში, იღებს თუ არა ის განათლებას და არის თუ არა შრომა, რომელსაც ის ეწევა, საზიანო მისი საუკეთესო ინტერესებისთვის.
„ლიბერალი“ გიგის დედას თათო გვარიშვილს ესაუბრა.
თათო გვარიშვილის თქმით, გიგის ამ გატაცებას თავიდან ეწინააღმდეგებოდა და სცადა, მისთვის სხვა ინტერესები გაეჩინა. გიგი სკოლაში კვირაში ერთხელ დადის, ხოლო დანარჩენ დღეებში მას მასწავლებელი სახლში აკითხავს და 2 საათის განმავლობაში ამეცადინებს.
გარდა ამისა, ის თერაპიასა და ვარჯიშზე დადის. გიგი მეცხრე კლასშია და აპირებს, რომ ცხრა კლასის შემდეგ ატესტატი აიღოს და პროფესიულ სასწავლებელში მცირე მეწარმეობის განხრით ისწავლოს.
„დაახლოებით მესამე კლასიდან გიგის ჰყავს მასწავლებელი, რომელიც სახლში დადის და ყველა საგანში ამზადებს. გიგი სკოლაშიც დადის, მაგრამ სკოლაში ინკლუზიური განათლება არ არის იმ დონეზე და მასწავლებელს ფიზიკურად არ აქვს საშუალება ცალკე გიგის დაუთმოს დრო. გიგის აქვს მხედველობის პრობლემა, კითხვაც ძალიან უჭირს, ამიტომ ყველაფერს სპეციალურად ვუბეჭდავთ ძალიან დიდი შრიფტით“.
მისი თქმით, გიგის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტერესი ჰქონდა და უკვე წელიწად-ნახევარია ამ საქმიანობითაა გატაცებული.
მისი თქმით, ბევრი მცდელობის შემდეგ მორალური უფლება აღარ ჰქონდა, რომ შეწინააღმდეგებოდა გიგის სურვილს, ევაჭრა.
„თავიდან მის ამ გადაწყვეტილებას, მის ინტერესს ძალიან მძიმედ ვუყურებდი და ვეწინააღმდეგებოდი. იმიტომ, რომ მინდოდა სხვა გზა ეპოვა ცხოვრებაში და ყველანაირად ვცდილობდით ამას. ბევრ წრეზე ვცადეთ სიარული. თეატრალურ წრეზე დავდიოდით, ახლა მარჯანიშვილის სხვენში ითამაშა სპექტაკლში. სიმღერაზეც დადიოდა. სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა ეს ნიჭი. პრინციპში ეს ყველაფერი ჩუმად დაიწყო. ერთხელ სახლში მოვედი და ბუშტები რომ დამხვდა, მითხრა, სხვისიაო. მერე და მერე, როცა ვნახე, როგორ იპოვა თავისი საქმე, მორალური უფლება, რომ ხელი შემეშალა იმისთვის, რაც გამოსდიოდა, არ მქონდა“,-ამბობს თათო გვარიშვილი.
ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის PHR -ის იურისტი ანა არგანაშვილი „ლიბერალთან“ ბავშვთა შრომაზე საუბრობს და განმარტავს, თუ რას ნიშნავს ბავშვთა შრომა და რას ამბობს საქართველო კანონმდებლობა ამ მოვლენების შესახებ.
საქართველოს შრომის კოდქსის მე-4 მუხლი განმარტავს, რომ 14-წლამდე არასრულწლოვნების შრომა დაშვებულია მხოლოდ სპორტულ, ხელოვნების ან კულტურის სფეროში.
კანონის თანახმად, „ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც“.
კერძოდ იგი არ უნდა აზიანებდეს მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, არ უნდა უზღუდავდეს სავალდებულო განათლების უფლებას.
„რა თქმა უნდა, ჩემი კითხვები ახლა ეხება შემდეგ საკითხს: თუ 14-წლამდე ჩაერთო შრომაში, მიიჩნეოდა თუ არა ეს სპორტულ, ხელოვნების თუ კულტურის სფეროდ და ხომ არ ხდებოდა მისი სხვა ინტერესების დაზიანება? შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდეს, რომ მისი ინტერესი ზიანდება, მაგრამ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნაც უნდა ჰქონდეს, კითხვები ჟურნალისტების დაინტერესებამდე, პირველ რიგში, მათ უნდა გასჩენოდათ“, - ამბობს ანა არგანაშვილი.
მისივე თქმით, გიგის ისტორიაზე საზოგადოების გამოხმაურებაში იკვეთებოდა შემდეგი: თითქოს გიგი სკოლაში ვერ მიიღებდა იმ უნარებს, რომლებსაც ის საკუთარი ბიზნესის წარმოწყება/განვითარებით შეიძენდა.
„წავიკითხე საზოგადოების გამოხმაურება, რომ სკოლაში ის ნაკლებად შეიძენდა უნარებს, ვიდრე ამ პროცესში და ეს არის მთელი პრობლემა. თუ მას სკოლა არ აძლევს იმ უნარებს, რაც საჭიროა, ე.ი. ჩვენ ყველას გვაქვს პრობლემა.
რატომ ვიყენებ სიტყვა „პრობლემა“ - წარმოიდგინეთ, რომ ეს გახდა მოდელი და ყველამ თავისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს მოუწოდოს/წაახალისოს, რომ ჩაერთოს ანალოგიურ საქმიანობაში. რას მივიღებთ? ეს თუ არ იქნება გამონაკლისი და გახდება ნორმა, აშკარად სახეზე გვექნება შემდეგი მდგომარეობა: სკოლა იქნება ბევრად ნაკლებად სასარგებლო, ვიდრე ასეთი საქმიანობა და რეალური შრომა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის პრობლემას წარმოადგენს. გამოდის, რომ სკოლის განათლება ბავშვებს ამ უნარებს არ აძლევს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში განათლების სისტემის პრობლემაა“, - ამბობს ანა არგანაშვილი.
ანა არგანაშვილს კითხვები აქვს გიგის სასკოლო განათლებასთან დაკავშირებითაც.
მისი თქმით, საქართველოში შინასწავლება კანონმდებლობით მაშინაა დაშვებული, როდესაც ბავშვი ობიექტურად ვერ დადის სკოლაში, მაგალითად, ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ არ შეუძლია გადაადგილება.
„ფაქტია, რომ ამ ბავშვს, თუ ობიექტურად სკოლაში სიარული შეუძლია, ე.ი. შინასწავლება არ არის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი. როგორც ჩანს, კერძო ინიციატივაა მშობლის მიერ მხარდაჭერილი.
ჩნდება კითხვები: თუ ბავშვს გაკვეთილებზე დასწრება შეუძლია, მაშინ სახლში რატომ მოდის მასწავლებელი და სახლში მასწავლებლის მოსვლის ფონზე რატომ ითვლება ეს ფორმალური განათლების მიღებად. რანაირად შეიძლება მან დაამთავროს სკოლა, მიიღოს ატესტატი? “ - ამბობს ანა არგანაშვილი.
მისივე თქმით, მერია პირველ რიგში უნდა დალაპარაკებოდა ბავშვის ზრუნვის სახელმწიფო ორგანოს, ანუ სოციალურ სამსახურს და აუცილებლად უნდა გაევლო კონსულტაცია ბავშვთა უფლებებთან თანხვედრის ნაწილში.
„მე მესმის ეს ლოგიკა. შეიძლება ბავშვი ძალიან სერიოზულ, გარკვეულ უნარებს იძენს და ა.შ. მაგრამ ხომ არ ზიანდება მისი სხვა ინტერესი? ჩვენ უნდა გვქონდეს ოფიციალური პოზიცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსი, რომ ეს ხდება მათი თანხმობით.
მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მშობელს, მაგრამ ვისურვებდი, რომ სახელმწიფო ორგანოს ეთქვა: მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯი სრულად შეესაბამებოდა თუ არა ბავშვის ინტერესებს“, - ამბობს ანა არგანაშვილი.
„ლიბერალი“ სოციალური მომსახურების სააგენტოსაც დაუკავშირდა. უცვლელად გთავაზობთ სააგენტოს პოზიციას, რომელიც მან წერილობით მოგვაწოდა.
„საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.
მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე მობილური ჯგუფის წევრებმა არასრულწლოვან - გიგი ანთიძესთან პირველი კონტაქტი 2016 წლის დასაწყისში დაამყარა. კერძოდ, ბავშვს მობილური ჯგუფის წევრები არასრულწლოვნის საცხოვრებელ სახლთან მაშინ შეხვდნენ, როდესაც იგი მარტო გადაადგილდებოდა. არასრულწლოვნის შესახებ მობილური ჯგუფის წევრებმა გარემოვაჭრეებისგან, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ, მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი მშობლებთან და უმცროს დედმამიშვილებთან ერთად ცხოვრობდა და მასზე დღის განმავლობაში ძიძა ზრუნავდა, რომელიც მეთვალყურეობდა, თუ სად და როგორ გადაადგილდებოდა არასრულწლოვანი. სოციალურმა მუშაკმა არასრულწლოვანს მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის სერვისი შესთავაზა, რაზეც გიგიმ უარი განაცხადა.
მოპოვებული ინფორმაციით გიგი N20 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოწაფეა. მობილურმა ჯგუფმა სკოლის დირექციისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანი პერმანენტულად დადის სკოლაში. მას დამატებით სახლში ამეცადინებენ დაქირავებული რეპეტიტორები. იგი სამომავლოდ პროფესიულ სასწავლებელში მცირე მეწარმეობის ფაკულტეტზე აპირებს ჩაბარებას.
გიგიმ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარევაჭრობა და საკუთარი შრომით თანხის გამომუშავება, რაშიც მას დედა ეხმარება“, - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი ხათუნა ჯიქია.