საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წელს, სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 86 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, აღნიშნულიდან 12 საქმეზე შეუწყნარებლობის სავარაუდო ნიშანი იყო სექსუალური ორიენტაცია, ხოლო 37 საქმეზე - გენდერული იდენტობა - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ძალადობა
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლავაც მაღალია ლგბტ+ პირთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, როგორც ოჯახში, ისე საჯარო სივრცეში, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
ანგარიშის თანახმად, ომბუდსმენის აპარატმა ლგბტ თემის მიმართ პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობის არაერთი განცხადება შეისწავლა, სადაც ჰომოფობიურ, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და არასათანადო რეაგირებაზე უთითებენ.
„სამწუხაროდ, რიგ საქმეებში თავად განმცხადებლები ამბობენ უარს საქმისწარმოების გაგრძელებაზე და არ თანამშრომლობენ შსს გენერალურ ინსპექციასთან და პროკურატურასთან, რადგან არა აქვთ განცდა, რომ საქმეს დროულად და სამართლიანად გამოიძიებენ" - ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება ლგბტ თემთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესულ შეტყობინებებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს სულ 21 შეტყობინება/განცხადება შევიდა, საიდანაც დისციპლინური გადაცდომის ფაქტი 9 შემთხვევაში არ დადასტურდა, 8 საქმე გადაეცა შს სამინისტროს სხვა უწყებას, მხოლოდ 1 საქმე გადაეცა პროკურატურას და მიმდინარეობს გამოძიება, 2 საქმეზე კი გრძელდება სამსახურებრივი შემოწმება.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში განსაკუთრებით ხშირია მიმართვიანობა ტრანსგენდერი ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. სამწუხაროდ, სამართალდამცავ უწყებას არ გააჩნია სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ეფექტიანი რეგულირების სტრატეგია, მხოლოდ ცალკეულ ინციდენტებზე რეაგირებით შემოიფარგლება და პრობლემის სისტემურ ხასიათს ვერ უმკლავდება" - ნათქვამია ანგარიშში.
განათლება
„საქართველოში მცხოვრები ლგბტ+ პირებისთვის კვლავ დღის წესრიგში დგას განათლების, დასაქმების, შრომის, სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების საკითხები. სამწუხაროდ, პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული, ხშირად არ ითვალისწინებს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას" - ნათქვამია ანგარშში.
აქვე აღნიშნულია, რომ თემის წევრები არ არიან საკმარისად ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რის გამოც ლგბტ ადამიანები ვერ ქმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს.
ანგარიშის თანახმად, პრობლემად რჩება სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების აღოფხვრა, რაც ამ სივრცეებიდან ლგბტ ადამიანების გარიყვას იწვევს.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა
ანგარიშის თანახმად, თემის წევრები ხშირად მიუთითებენ სამედიცინო პერსონალის მხრიდან ჰომოფობიურ დამოკიდებულებაზე, რაც ნეგატიურად აისახება ლგბტ+ პირების სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსგან ომბუდსმენისთვის მიწოდებული ინფორმაციის ინფორმაციით, 2017 წელს სააგენტოში შესული 7 განცხადებიდან, რომელიც ლგბტ+ თემის წარმომადგენლების სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა, დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში იკვეთება.
„ეროვნული კანონმდებლობა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, თუკი პირს ჩატარებული აქვს სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია. არსებული პრაქტიკის მიხედვით, სამედიცინო ჩარევა (მათ შორის, სქესის კვლავ მინიჭების ოპერაციის ჩათვლით) საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გენდერული მარკერის შეცვლის აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევა. შედეგად, ტრანსგენდერი პირები მათი გენდერული იდენტობის ზუსტად ამსახველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე რჩებიან, რაც, ჯანმრთელობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით, მათ სოციალურ გარიყვას და მათი უფლებების დარღვევას იწვევს" - ნათქვამია ანგარიშში.
სოციალური უფლებები
სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, რეგულირებას და მიიჩნევს, რომ მსგავსი ჩანაწერი ხელს შეუწყობს ჰომოფობიური განწყობებისა და ლგბტ პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდას.
„კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის პარალელურად, მნიშვნელოვანია ერთი და იმავე სქესის წყვილთა სამართლებრივი მდგომარეობის აღიარების სხვა ფორმების შემოღებაც, მაგალითად, სამოქალაქო პარტნიორობის, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან" - ნათქვამია ანგარიშში.