Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიტი: 40 ქვეყანას შორის საქართველოში პროცენტულად ყველაზე მეტი ავარია დასრულდა მსხვერპლით

03 აპრილი, 2018 14:40

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საგზაო უსაფრთხოების ეფექტიანობაზე 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ლეტალური შედეგით დასრულებული საგზაო შემთხვევები მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ შეფასებული 40 ქვეყნიდან, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნებიც შედიან, 2015 წლის მონაცემებით, საქართველო ლეტალური შემთხვევებით ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. მაგალითად, ირლანდიაში, რომელიც პოპულაციით დაახლოებით საქართველოს მსგავსია (4,7 მლნ) 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 1 მილიონ მოსახლეზე 36 ადამიანი ემსხვერპლა, საქართველოში კი ამავე წელს 1 მილიონის მოსახლის მიხედვით, 164 ავტოვარია დასრულდა ლეტალური შედეგით.

„ყოველწლიურად საქართველოს გზებზე ათასობით ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რაც იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებისა და ფატალური შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.“ - წერს აუდიტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ ცხადყო, რომ გამართული საგზაო უსაფრთხოების სისტემით შესაძლებელია ავტოსატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმებისა და ლეტალური შემთხვევების პრევენცია.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2011-2017 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევები, ფაქტობრივად, არ იკლებს. აუდიტი წერს, რომ 2017 წელს ქულათა სისტემის დანერგვამ და უკონტაქტო პატრულირებამ გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ დანერგილი მექანიზმები არასაკმარისია. 2017 წელს 8 461 ისეთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია თბილისშია - 47%. მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევებში ლეტალური შედეგის წილი რეგიონულ გზებზე უფრო მაღალია - 49%, მაშინ როცა თბილისში ავტოავარიების 17% დასრულდა სიკვდილით.

როგორც აუდიტი წერს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ავტოსატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმების და ლეტალური შემთხვევების ხარჯმა (დაკარგული შემოსავალი, სამედიცინო, ადმინისტრაციული და მატერიალური ხარჯი) 2015 წელს 738 მილიონი დოლარი - ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5% შეადგინა.

„2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევით დაღუპულთა 58% 26-დან 60 წლამდე ასაკისაა, რაც ნიშნავს, რომ საგზაო შემთხვევის მონაწილეები, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან.“ - წერია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული ავტომობილებისა და მართვის მოწმობების რაოდენობაც დიდია. თანაც, ოფიციალურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება.

„თუ გავითვალისწინებთ, იმ გარემოებას, რომ ქვეყნის მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია და მოსახლეობის დაახლოებით 20%, 17 წლამდე ასაკისაა, გამოდის, რომ საშუალოდ, ქვეყანაში ყოველი მესამე ზრდასრული მოსახლე ერთზე მეტ ავტომობილს და მართვის მოწმობას ფლობს.“ - წერს აუდიტი.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტრო საგზაო უსაფრთხოებაში წამყვანი ორგანო უნდა გახდეს. ამასთან ერთად აუდიტის სამსახური პასუხისმგებელ უწყებებს სხვა რეკომენდაციებითაც მიმართავს.

მათ შორის, აუდიტი შსს-ს მოუწოდებს, დაიწყოს ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციის აღრიცხვის ერთიანი სისტემის შემუშავება და სპეციალური ბარათის შევსების პრაქტიკის დანერგვა რეგიონებში სამხარეო პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიაზე;

ასევე, ქვეყნის მასშტაბით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სააღრიცხვო ბარათების ველებით გათვალისწინებული მონაცემების დეტალური აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;

ავტოსატრანსპორტო შემთხვევების ზუსტი ლოკაციების კოორდინატების აღწერა, კოორდინატების საფუძველზე შავი წერტილების რუკის შედგენა და მისი საჯარო ხელმისაწვდომობა;

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა მაღალი რისკის შემცველი მონაკვეთების მიხედვით და ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, განიხილოს ქალაქის ქუჩებსა და გზატკეცილებზე სიჩქარის გონივრულ ზღვრამდე შეზღუდვის შესაძლებლობები და ამ მიმართულებით განიხილოს და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები;

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა განსაზღვროს გზის სავალ ნაწილზე სამოძრაო ზოლების ოპტიმალური რაოდენობა და სიგანე ისეთ მონაკვეთებზე, სადაც გზის მთლიანი სიგანე და გარემო ინფრასტრუქტურა ამის შესაძლებლობას იძლევა. ახალი გზის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესში კი გაითვალისწინონ ზოლების დახაზვის ოპტიმალური ნორმები;

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეიმუშაოს გზებზე არსებული პრობლემებისა და საგზაო უსაფრთხოების კუთხით შეუსაბამობების (საგზაოს რისკები) გამოვლენის მექანიზმი, რომლის შედეგადაც იდენტიფიცირებული ხარვეზების დროული მოგვარებისათვის, სამსახური რეკომენდაციებით მიმართავს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ გზებზე პასუხისმგებელ უწყებებს (გამგეობები, კეთილმოწყობის სამსახური), მათი კომპეტენციის შესაბამისად;

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პრიორიტეტი მიანიჭოს და უზრუნველყოს სამოქმედო გეგმებსა და სხვა ღონისძიებებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კომპონენტის მაქსიმალურად გათვალისწინება.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, აუდიტის ფარგლებში გამოყენებულია შემდეგი მეთოდოლოგია: აუდიტის ობიექტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი (საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია, საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმა, საგზაო უსაფრთხოების აუდიტებისა და ინსპექტირების ანგარიშები, ფინანსური და სტატისტიკური მონაცემები);

ინტერვიუები აუდიტის ობიექტებსა და დაინტერესებულ მხარეებთან;

სამუშაო შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების გაანალიზების მიზნით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^