დღეს, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა იზაბელა ოსიპოვას და ნინია კაკაბაძის კანდიდატურებს.
იზაბელა ოსიპოვას 93 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას - 55-მა. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 2020 წლის 18 აპრილამდე იქნება.
იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად სახალხო დამცველმა 2 აპრილს წარადგინა. ომბუდსმენის კვოტით შესარჩევი კანდიდატის ხელახლა დასახელება ზვიად დევდარიანის კანდიდატურის მოხსნის შემდეგ გახდა საჭირო. ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ქალთა მოძრაობამ ის ქალების შევიწროებასა და ძალადობაში დაადანაშაულა. ზვიად დევდარიანი მოძრაობის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ის მოძალადე არასდროს ყოფილა.
ნინია კაკაბაძის კანდიდატურა 23 მარტს მაუწყებლის ბორდის შესარჩევ კენჭისყრაზე პარლამენტმა ჩააგდო. მას მხარი 11 პარლამენტარმა დაუჭირა, 40 კი წინააღმდეგ წავიდა. 26 მარტს, საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად „ევროპულმა საქართველო“ ისევ ნინია კაკაბაძე წარადგინა.
23 მარტს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოთხი ახალი წევრიდან ორი აირჩია. უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ზაზა შათირიშვილსა და ბესილ ლილუაშვილს.