ნამდვილი და ღირსეული გზებით მიღწეული წარმატება ეს არის დაუზარელი შრომის, რკინის ნებისყოფის და მოთმინების სინთეზი. გონიერ და განათლებულ ადამიანს, ყოველთვის აქვს შანსი იყოს წარმატებული. ლოგიკურად ჟღერს, რომ კარგი განათლება, დიდი შრომა და პოზიტიური განწყობა განაპირობებს წარმატებას. თუმცა, მეორე მხრივ, ცხოვრება რთულია, იმაზე რთული, ვიდრე წარმატების ნებისმიერი ლოგიკური ახსნა.
მიხეილ გაბრიჩიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, თბილისის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში გაიარა ორდინატურა, აქვე გააგრძელა მუშაობა დამწყებ ქირურგად, შემდეგ კი წამყვანი ქირურგი გახდა.
2016 წელს იგი ქვეყნის წლის საუკეთესო ოფთალმოლოგად დასახელდა. გავლილი აქვს ტრენინგები უცხოეთის წამყვან ოფთალმოლოგიურ ცენტრებში, რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებში.
მიხეილი, ჩვენთან საუბარში ამბობს, „მე, როგორც ექიმი, მთლიანად ორიენტირებული ვარ პაციენტზე. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, პაციენტს ყურადღებით მოვუსმინოთ და ჩავწვდეთ მისი პრობლემის არსს. სწორად დავსვათ დიაგნოზი, დავნიშნოთ სწორი მკურნალობა და სწორად შევაფასოთ მკურნალობისა თუ ქირურგიული ჩარევის პერსპექტივები.
არ მიყვარს პაციენტებისთვის ზედმეტი და არარეალური იმედების მიცემა. უმჯობესია, პრობლემა სათანადოდ შევაფასოთ და კონკრეტული სიტუაციიდან ის მაქსიმუმი მივიღოთ, რაც შესაძლებელია ადეკვატური მკურნალობის პირობებში.
პაციენტებს, რომლებსაც დიაბეტი აწუხებს, აუცილებლად, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ თვალის სრული გამოკვლევა, ფსკერის დათვალიერებასთან ერთად. 50 წლის ასაკის შემდეგ, პერიოდულად უნდა აკონტროლონ თვალის მდგომარეობა, რათა არ განუვითარდეთ გლაუკომა. რადგან ეს არის ის დაავადება, რომელიც საბოლოოდ მხედველობის სრულ დაკარგვას იწვევს. პაციენტები საქართველოში რეგულარულად არ იმოწმებენ საკუთარ ჯანმრთელობას და დაავადების გვიან სტადიაზე მიმართავენ ექიმს, როდესაც მათი დახმარება უკვე ძალიან რთულია, მაგრამ მე ყოველთვის მზად ვარ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო პაციენტთა დასახმარებლად“.
დღეს, მიხეილ გაბრიჩიძე „სამედიცინო კორპორაცია ევექსთან“ თანამშრომლობს რეგიონულ ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიის განყოფილების ერთ-ერთი წამყვანი ქირურგია. გვაიმედებს, რომ ოფთალმოლოგიის თვალსაზრისით არცერთ ევროპულ ქვეყანას არ ჩამოვუვარდებით. „ჩვენდა საამაყოდ შეგვიძლია ვთქვათ რომ პაციენტებს შეუძლიათ სრული დახმარება მიიღონ საქართველოშიც და საზღვარგარეთ მათი გაშვება საჭირო აღარაა“.
მიხეილის 25 წლიანი გამოცდილების შემდეგ, წარმოუდგენელია რამის შეცვლა თავის პროფესიაში. „ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ისეა ეს ჩემში შეზრდილი რომ ვეღარ გავაცალკევებ“.
დამწყებ მედიკოსებს ურჩევს, რომ შეეცადონ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღონ და არ იზარმაცონ, „სირთულეებს კი არ უნდა შეუშინდე, ისინი უნდა გადალახო“.