დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ პირველ არხს განუცხადა.
გედევან ფოფხაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.
დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო თანამდებობებისა და პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებასაც აპირებს.
„ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ეს იყო მიუღებელი და ეს გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებას” არ უნდა მიეღო. ნინია კაკაბაძის კანდიდატურისთვის მხარი არ უნდა დაეჭირა, რადგან ის ღირებულებები, რომლითაც ეს ადამიანი ცხოვრობდა და რაც აქვს, პირდაპირ კონტრასტშია იმ ყველაფერთან, რის გამოც ამომრჩეველი 2012 წელს მხარს გვიჭერდა. მიმაჩნია, რომ იმ გუნდთან ერთად, რომელსაც შეუძლია ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭიროს, ჩემს თავს ვერ წარმოვიდგენ და ალბათ, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას მივიღებ “ქართული ოცნებიდან” გასვლის თაობაზე. უმრავლესობას ვტოვებ. მიმაჩნია, რომ კაკაბაძის მხარდაჭერა ჩემთვის საკმარისი საფუძველია, რომ უმრავლესობა დავტოვო. არ ვმალავ, გაბრაზებული ვარ. ფაქტია, რომ ამ გუნდმა ისეთი ღირებულებები აირჩია, რომელიც ჩემთვის მისაღები არ არის. “ქართულ ოცნებაში” ჩემ ადგილს ვერ ვხედავ”, – განუცხადა 1tv -ს ფოფხაძემ.
დღეს, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კენჭისყრაზე მხარი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას დაუჭირა.
ნინია კაკაბაძის კანდიდატურა 23 მარტს მაუწყებლის ბორდის შესარჩევ კენჭისყრაზე პარლამენტმა ჩააგდო. მას მხარი 11 პარლამენტარმა დაუჭირა, 40 კი წინააღმდეგ წავიდა. 26 მარტს, საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად „ევროპულმა საქართველო“ ისევ ნინია კაკაბაძე წარადგინა.