
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიას განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, თეა ადეიშვილის წინააღმდეგ. ინფორმაციას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.
სადავო სიუჟეტი 25 მარტს გავიდა გადაცემა P.S.-ს ეთერში. მასალაში საუბარი იყო საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევასა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ . რეზოლუციაზე „ევროპული საქართველოსაგან" განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც, სიუჟეტის თანახმად, „სანქციების გაურკვევლობის გამო" რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა მაყურებელს არ მისცა შესაძლებლობა, რეზოლუციის საკამათო საკითხს თავად გაცნობოდა, „თუმცა გააცნო საკუთარი შეფასება - რომ ტექსტი გაუგებარია. მან არც „ევროპული საქართველოს“ რესპონდენტთა განმარტება არ გააშუქა დისკუსიისთვის ამ საკვანძო საკითხზე - არადა, ინტერვიუს დროს საუბარი ამ თემასაც შეეხო", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მაყურებელს მცდარი და არასრულფასოვანი ინფორმაცია მიეწოდა, რადგანაც მიიჩმალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შესაბამისად, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები.
განცხადების თანახმად, მასალის ეთერში გასვლიდან მალევე გავრცელდა სიუჟეტის ერთ-ერთი მონაწილის და „ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას წერილობითი მიმართვა, რომელშიც გარდა განმარტებისა, მითითებული იყო თხოვნა - ტელეკომპანიას შემდეგ კვირას იმავე გადაცემის ეთერში გამოესწორებინა შეცდომა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მეხუთე პრინციპიც, რომელის თანახმადაც, მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.