ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, მოძრაობა „აუდიტორია 115“, სოლიდარობის ქსელი და ახალგაზრდა სოციალისტები ხვალ, 6 აპრილს საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია 17:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში დაიწყება, საიდანაც მსვლელობა გაიმართება პარლამენტისკენ.
„დღეს, დილის 4 საათზე, ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში გარდაიცვალა 6 მეშახტე:
გოგი რაფავა - 58 წლის
ელგუჯა ბოჭორიშვილი - 51 წლის
ბესიკ გურგენიძე - 49 წლის
მირზა ქურციკიძე - 45 წლის
გიორგი ბოჭორიშვილი - 27 წლის
პავლე გამეზარდაშვილი - 25 წლის
2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი.
2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა.
აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.
ეს მუშები მოკლა სახელმწიფომ, რომელიც დღემდე არ აღიარებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას მოქალაქეების ღირსეული შრომის უფლებით უზრუნველყოფის პროცესში!
ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც უკვე წლებია ჩვენი სახელმწიფო ატარებს. წლებია, ის მხოლოდ ინვესტორების ინტერესებს იცავს!
დროა, სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და ერთხელ მაინც დადგეს ადამიანების მხარეს!
მოდი, ხვალ, 6 აპრილს, 17:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც გაიმართება მსვლელობა პარლამენტისაკენ!
ერთად მივაგოთ პატივი დაღუპულ მეშახტეებს“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.