Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„900 აბი სუბუტექსის საქმე“ - ირაკლი ქორიძის ადვოკატის არგუმენტები

06 აპრილი, 2018 12:30

„დაკავებისას ირაკლი ქორიძესაც სთხოვდნენ „ბახალაზე“თანამშრომლობას“, - სალომე ჯანუაშვილი, ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ირაკლი ქორიძის ადვოკატი, „ლიბერალთან“, ე.წ. 900 აბის საქმის დეტალებზე საუბრობს.

 „არაპირდაპირ სთხოვდნენ, ეთანამშრომლა გამოძიებასთან. თანამშრომლობა რას ნიშნავს - ჯაბა ხულორდავას დასახელება/არდასახელებას აზრი არ ჰქონდა. ხულორდავა თავად ამბობს იმას, რაც სამართალდამცველებს სურდათ. ერთადერთი, თანამშრომლობა შეიძლებოდა გამოხატულიყო იმაში, რომ დაესახელებინა „ბახალა“. პირდაპირ არ უთქვამთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი დაგვისახელე, მაგრამ თანამშრომლობა გულისხმობდა, რომ დაესახელებინა გიორგი გიორგანაშვილი - ანუ თვითონ [დანაშაული] ეღიარებინა და [თანამონაწილედ] დაესახელებინა გიორგანაშვილი“, - ამბობს ჯანუაშვილი

რაც შეეხება უშუალოდ საქმის მასალებს, ადვოკატი ამბობს, რომ ჯაბა ხულორდავას რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენების გარდა, საქმეში არ დევს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ირაკლი ქორიძეს რაიმე კავშირი  შეიძლება ჰქონდეს ამ, ე.წ. სქემასთან.

- -

ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე მიმდინარე წლის 30 მარტს დააკავეს. თურქეთიდან 865 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბუტექსის შემოტანის საქმეზე მასთან ერთად ახალი ბრალი წარედგინა გიორგი გიორგანაშვილსაც.

ბრალდების მხარის პოზიციით, ირაკლი ქორიძის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის იანვარში ის შეუთანხმდა თავის ნაცნობებს - გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

შსს-ს თქმით, ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯაბა ხულორდავა ფარულად შეხვდა გიორგი გიორგანაშვილს, რომელმაც, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომელმაც ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

ჯაბა ხულორდავა 24  იანვარს თბილისისკენ მომავალ გზაზე დააკავეს და რეანომობილიდან თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ხულორდავამ შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მან, ირაკლი ქორიძისა და გიორგი გიორგანაშვილთან ერთობლივი მოქმედების შედეგად შემოიტანა.

ჯაბა ხულორდავას შეცვლილი ჩვენება

ადვოკატ სალომე ჯანუაშვილის თქმით, როდესაც ჯაბა ხულორდავა დააკავეს (2017 წლის 25 იანვარი), მან ოქმში დააფიქსირა, რომ ამოღებული 865 აბი ნარკოტიკული საშუალება მას, გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ეკუთვნოდა. 

ადვოკატის ინფორმაციით, ხულორდავას მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გიორგი გიორგანაშვილი, იგივე „ბახალა“ გააჩერეს, გაჩხრიკეს და „ამოიღეს“ ნარკოტიკი. ადვოკატი ამბობს, რომ „ბახალასგან“ განსხვავებით, გამოძიება ქორიძის პიროვნებით არ დაინტერესებულა.

აღსანიშნავია, რომ ხულორდავამ პირველი ჩვენების შემდეგ, 26 იანვარს თავდაპირველი ვერსია გადათქვა და დაკითხვისას განაცხადა, რომ მას აღნიშნული 865 აბი ნარკოტიკი ზესტაფონში უცნობმა პირმა გადასცა და მას მისი თბილისში ჩატანა ევალებოდა.

მოგვიანებით კი, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ის დაუბრუნდა თავდაპირველ ვერსიას, რის მიხედვითაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მას, გიორგანაშვილსა და ქორიძეს ეკუთვნოდა.

საქმის პროკურორის, ირინე ჩოჩიას განმარტებით, ჯაბა ხულორდავას პირველი გამოკითხვის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში  ირაკლი ქორიძის მიერ დაქირავებული ადვოკატები შეხვდნენ. მათი მითითების შესაბამისად,  ხულორდვამ გამოძიებას მცდარი ჩვენება მისცა.  შემდეგ კი, „მოეგო გონს“ და სასამართლო სხდომაზე მან თავდაპირველი ჩვენება დააფიქსირა.

როდის დაიკითხა ირაკლი ქორიძე პირველად

ადვოკატი ამბობს, რომ ამ, ე.წ. სქემასთან დაკავშირებით გამოძიება ქორიძით 2018 წლის მარტამდე არ დაინტერესებულა. სწორედ ამ პერიოდში დაიკითხა ირაკლი ქორიძე პირველადი მოწმის სახით.

„თუ გამოძიება მიიჩნევს, რომ რა ინფორმაციაც ხულორდავას ჩვენების შემდეგ მოიპოვა, ეს აძლევს მათ [ქორიძის წინააღმდეგ ბრალის წაყენების საშუალებას], თუმცა აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება პროკურატურას ხულორდავას განაჩენადე შეეძლო - იანვარში დაიჭირეს ხულორდავა, თებერვალში ამ „სქემის“ შესახებ იცოდნენ, ივლისში დადგა ხულორდავას განაჩენი. ამის შემდეგ 7 თვე გავიდა... თებერვალ-მარტში რამდენიმე ადამიანის დაკითხეს, რომლებიც მანამდე ისედაც დაკითხული იყვნენ და ეს გახდა 2 ადამიანის უვადო მუხლით ბრალდების საფუძველი. სამართლებრივად რამდენად ლოგიკურია ეს, ამას მოსამართლე გვეტყვის, მაგრამ რამდენად ლოგიკურია ეს საზოგადოებისთვის?... თუ ირაკლი ქორიძისთვის ბრალის წაყენების საქმეს ზარების ამონაწერი წყვეტდა, რა უშლიდათ ხელს, რომ ეს ზარები 2017 თებერვლის თვეში ამოეღო?“ - ამბობს ჯანუაშვილი.

საქმის პროკურორ ირინე ჩოჩიას თქმით, ამ ხნის განმავლობაში, საკმარისი მტკიცებულებების შეკრების მიზნით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდებოდა.

„გრძელდებოდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მოგეხსენებათ, მხოლოდ ერთი პირის ჩვენება, როგორი ინფორმაციულიც არ უნდა იყოს, საკმარისი არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად. მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ასევე სხვადასხვა ინფორმაცია. შესაბამისად, წარედგინათ ბრალდება", - აღნიშნა ირინე ჩოჩიამ.

ჯაბა ხულორდავას განაჩენი

ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას - ე.წ. 865 აბის საქმეზე. ჯაბა ხულორდავას 20 ივლისის განაჩენით (საპროცესო შეთანხმების საფუძველზე), 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენის მიხედვით, ხულორდავას ბრალდება გამოიხატა შემდგომში: „მან თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში უკანონოდ შეიძინა ბუპრენორფინის შემცველი 865 აბი ნარკოტიკული საშუალება და სარფის გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში".

ჯანუაშვილის თქმით, გამოდის, რომ ამავე საქმეზე ხულორდავას მიმართ უკვე დგას განაჩენი, სადაც სასამართლომ გაიზიარა, რომ ნარკოტიკული საშუალება საქართველოში მან მარტომ შემოიტანა. მაშინ როდესაც, გამოძიება ახალი ბრალით „ბახალას“ სწორედ აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენას ედავება.

 „როგორ გაასწორებს ბრალდების მხარე ამ პარადოქსს თუნდაც თავის პოზიციაში, არ ვიცი“, - ამბობს ჯანუაშვილი.

საიდან იცნობდნენ ერთმანეთს ქორიძე და ხულორდავა

ირაკლი ქორიძის ადვოკატის პოზიციით, როდესაც ჯაბა ხულორდავა დააკავეს და ის ფაქტის წინაშე დადგა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოუღეს, ლოგიკურად ვინც გაახსენდა, ეს იყო ირაკლი ქორიძე, რომელთანაც მუშაობდა და რომელიც წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იყო გასამართლებული.

„როდესაც ირაკლი ქორიძე წინა საქმეზე (300 აბი სუბუტექსის საქმე) სასჯელს იხდიდა, ჯაბა ხულორდავა იყო მისი საკნის ზედამხედველი, მან იცოდა, რისთვის იხდიდა სასჯელს ქორიძე“, - ამბობს ჯანუაშვილი.

მისი თქმით, გიორგი გიორანაშვილი ამ გაუგებარ „სქემაში“ იმიტომ მოხვდა, რომ ის საზოგადოებისთვის ცნობადი სახე იყო  და რაც უფრო რეზონანსული გახდებოდა ეს საქმე, მით ნაკლებად დაისჯებოდა ჯაბა ხულორდავა.

„ლიბერალის“ კითხვაზე - რა არგუმენტი აქვს დაცვის მხარეს იმ გარემოებაზე, რომ ზუსტად ამავე პერიოდში გიორგი გიორგანაშვილი თურქეთში იმყოფებოდა - ჯანუაშვილი ამბობს, რომ ამასაც აქვს თავისი ახსნა. მისი თქმით, ქორიძე და გიორგანაშვილი ბიზნესპარტნიორები იყვნენ, საერთო საქმის წამოწყება უნდოდათ, ამ საქმისთვის გიორგანაშვილი იყო საფრანგეთში, რომ გარკვეულ ადამიანებს შეხვედროდა.

„ამ ეტაპზე ამას ვერ ვამტკიცებთ, მაგრამ სასამართლოში შევძლებთ მტკიცებულების სახით წარდგენას, რომ ჯაბა ხულორდავამ ნამდვილად იცოდა, რომ გიორანაშვილი მიფრინავდა საფრანგეთში და თურქეთში ტრანზიტი ჰქონდა. იმიტომ, რომ ეს ადამიანი ირაკლი ქორიძის გვერდით ტრიალებდა. ირაკლი ქორიძეს ამ დროს მამა მძიმე მდგომარეობაში ჰყავდა და სულ კატასტროფის ცენტრში იმყოფებოდა.  ჯაბა ხულორდავა იგებს ინფორმაციას, რომ გიორგანაშვილს ტრანზიტი აქვს საფრანგეთი-თურქეთი-საქართველო“, - ამბობს ჯანუაშვილი.

კითხვაზე, თეორიულად რა მტკიცებულებებით  შეიძლება დადასტურდეს, რომ ხულორდავამ იცოდა გიორგანაშვილის თურქეთში ყოფნის შესახებ, ადვოკატი ამბობს, რომ მოწმეთა გამოკითხვის შედეგად - რამდენად ხშირად მოდიოდა გიორგანაშვილი კატასტროფის ცენტრში, რამდენად ხშირად ნახულობდა მას ხულორდავა.

„თავად ხულორდავაც დაიკითხება ამ საქმეზე და ძალიან მარტივი კითხვებით შეიძლება იმის გადგენა - იცოდა თუ არა, რომ ასეთი ბიზნესგეგმა არსებობდა, რომ ასეთი მოპალარაკებები იყო“, - ამბობს ჯანუაშვილი.

მტკიცებულებები ქორიძის წინააღმდეგ

ადვოკატი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, იმისთვის, რომ პირს ბრალი წავუყენოთ, საჭიროა ორი ან მეტი პირდაპირი მტკიცებულება.

„თუ ჩავთვლით ძალიან დისკრედიტირებულ ჯაბა ხულორდავას ჩვენებას, რომელიც თავის დროზე ბრალდებაც არ იზიარებდა,  ამის გარდა, არანაირი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ირაკლი ქორიძეს რაიმე კავშირი ჰქონდა ამ „სქემასთან“, არ არსებობს“, - ამბობს ჯანუაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეში დევს გიორგი გიორგანაშვილისა და ჯაბა ხულორდავას ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამომავალი ზარების დეტალური ამონაწერის ანალიზი. თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, ამ ზარებით ერთადერთი რამ დადგინდა: როდესღაც ირაკლი ქორიძე ურეკავდა გიორგანაშვილს, და ქორიძე ურეკავდა ხულორდავას. თუმცა აუდიოჩანაწერები საქმეში არაა.

„საუბარია მხოლოდ კავშირზე და არა შინაარსზე. ამდენი არაფრისმომცემი ფურცლები რომ არ ეგროვებინათ, ეკითხათ ქორიძისთვის, რომელმაც დაადასტურა სატელეფონო ზარების არსებობა“, - ამბობს ჯანუაშვილი.

ადვოკატი ამბობს, რომ ხულორდავას იქით გამოძიებას გზა არ აქვს. ყველაზე ობიექტური მტკიცებულება ამ საქმეში ბახალას კავშირზე  შესაძლოა ყოფილიყო დნმ, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულ 865 აბზე არ აღმოჩნდა.

„ირაკლი ქორიძის მიმართ რა მტკიცებულებებიც არის, ეს ძირითადად კატასტროფის ცენტის თანამშრომლების ჩვენებებია,  რომლებიც ადასტურებს, რომ ის მართავდა კატასტროფის ცენტრს, ნაწილი კი ამას არ ადასტურებს. რომც ჩავთვალოთ, რომ იმ დროს ირაკლი ქორიძე მართავდა კატასტროფის ცენტრს და ირაკლი ქორიძის მითითებით წავიდა ჯაბა ხულორდავა და წაიყვანა პაციენტი (რომლის ავადმყოფობის ისტორიით დასტურდება, რომ მას მართლაც სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება) რას მეუბნება მე ამით გამოძიება? რადგან მართავდა ცენტრს, ამიტომ გააკეთა ორაგნიზება?“, - ამბობს ჯანუაშვილი.

როგორც უკვე აღინიშნა, ჯაბა ხულორდავას, რომელიც 865 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის უკვე მსჯავრდებულია, მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც მსჯავრდებულია 45 აბი სუბუტექსის ფლობის ბრალდებით, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გიორგანაშვილი არც ამ ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, ეთანამშრომლა მათთან და ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. მისი საქმე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში.

რაც შეეხება ახალ ბრალს, გიორგი გიორგანაშვილისა და ირაკლი ქორიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 მაისს ჩაინიშნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^