რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის შვილმა იულია სკრიპალმა ლონდონში ჰოსპიტალი დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, ის საავადმყოფოდან დაცულ ადგილას გადაიყვანეს.
იულიამ მამამისთან, სერგეი სკრიპალთან ერთად საავადმყოფოში თვეზე მეტი დაჰყო. მამა-შვილი ინგლისის სამხრეთში, ქალაქ სოლსბერში მოწამლულები სკამზე იპოვეს. მკურნალობიდან რამდენიმე კვირა სკრიპალები კრიტიკულ მდგომარეობაში იყვნენ, თუმცა საბოლოოდ ჯანმრთელობის მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო გაუმჯობესება.
საავადმყოფოს ოფიციალური განცხადება სკრიპალებთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია, მაგრამ ექიმის თქმით, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სერგეი სკრიპალის ჯანრმთელობის მდგომარეობაც, თუმცა ის ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩება.
ლონდონში აცხადებენ, რომ სკრიპალები სამხედრო წარმოების ქიმიური იარაღით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. დიდი ბრიტანეთი თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის გამო ქვეყნიდან ხელისუფლებამ რუსი დიპლომატებიც გააძევა. რუსეთი სკრიპალების მოწამვლაში მონაწილეობას უარყოფს.