„რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან" - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მავნებელთან ბრძოლის პროცესში ქართველი სპეციალისტები აქტიურად თანამშრომლობენ ყველა იმ ქვეყნის სპეციალისტთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, სადაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა. არსებული გამოცდილებების გაზიარება და კოორდინირებული მუშაობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში და მის მიერ აგრარული დარგისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაში დაგვეხმარება“, - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
მათი თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანი გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოში მოწვეული იყო ყველა ის წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი კანადიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან, ვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით. სააგენტოში ამბობენ, რომ გაიმართა ფორუმი და არაერთი დისკუსია.
რუსეთი თბილისს ფაროსანას ხელოვნურად გამოყვანასა და აფხაზეთში გავრცელებაში ადანაშაულებს.
„როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელი იულია მელანო მიიჩნევს, რომ აზიური ფაროსანა შესაძლოა, საქართველოში ამერიკულ ლაბორატორიებში ხელოვნურად გამოეყვანათ. ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური არ გამორიცხავს, რომ მწერს ქართული მხარე აფხაზეთში ბიოლოგიური საბოტაჟისთვის იყენებს. მელანომ ამის შესახებ რუსულ გამოცემა „რასისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
იულია მელანოს თქმით, აფხაზურ მხარეს ფაროსანასთან გამკლავება მოკლე ხანში არ შეუძლია. იმის გამო, რომ მწერი რუსეთშიც არ გავრცელდეს, მოსკოვმა სოხუმს რუსეთში ხილის და ხის მასალის ექსპორტი აუკრძალა, ხოლო აფხაზეთში მდგომარეობა კრიტიკული რჩება - თხილის მოსავალი თითქმის განადგურებულია.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საქმე გვქონდეს ბიოლოგიურ საბოტაჟთან“, - უთხრა მელანომ რუსულ გამოცემას. რადგან მისი თქმით, საქართველოში ამერიკული ლაბორატორიებია გახსნილი და იქ რას საქმიანობენ, არავინ იცის. მელანო დასძენს, რომ თუ სხვა მსგავსი მწერი წელიწადში სამჯერ მრავლდება, ეს ფაროსანა შთამომავლობას 6-ჯერ იძლევა.
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში ხილის, მათ შორის თხილის შეტანა 2 აპრილიდან აიკრძალება. რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახური ვერ აზუსტებს, რამდენ ხანს დარჩება ეს აკრძალვა ძალაში.