საგანგებო სხდომა გაეროში, რომელსაც სირიის შესახებ უნდა ემსჯელა რუსეთის და აშშ-ის დელეგაციებს შორის დაპირისპირებით წარიმართა. უშიშროების საბჭოში ორივე ქვეყანამ ერთმანეთის რეზოლუციები დაბლოკა. წარუმატებლად დამთავრდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელსაც სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენება უნდა შეესწავლა.
„ეს ისტორიაში ჩაიწერება. დღეს რუსეთმა გადაწყვიტა სირიელი ხალხის სიცოცხლის ნაცვლად ურჩხული დაიცვას“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადზე საუბრობდა. ჰეილის თქმით, რეზოლუციის მიღება იყო ყველაზე მცირედი რამ, რაც კი გაეროს წევრ ქვეყანას სირიისთვის შეეძლო გაეკეთებინა. რუსეთმა კი რეზოლუციას ვეტო დაადო.
გაეროს სხდომის პარალელურად ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელში, კვიპროსსა და სირია-ერაყის საზღვარზე ამერიკული, ბრიტანული, ებრაული, ფრანგული ფლოტისა და საჰაერო ძალების მობილიზება მიმდინარეობს.
სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყო სირიის ხელისუფლებამ, რუსეთმა, ირანმა და ჰეზბოლაჰმაც. სირიის დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის ლოდინში ანტისაზენიტო ტექნიკა შეჰყავთ. განგაში გამოცხადდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტშიც. მოსკოვი აცხადებს, რომ მის მოკავშირეზე თავდასხმას ასევე საბრძოლო მოქმედებებით გასცემს პასუხს.
აშშ-ის მტკიცებით, სირიის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი კიდევ ერთხელ გამოიყენა. დუმაზე საჰაერო იერიშებს მინიმუმ 60 ადამიანი ემსხვერპლა, 1 000-ზე მეტი კი დაშავდა. ამის გამო, დონალდ ტრამპის გადწყვეტილებით ამერიკამ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო იერიშის მიტანაზე აქტიური მსჯელობა დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა გადადო ვიზიტი ლათინურ ამერიკაში და ქვეყნის სამხედრო ლიდერებთან თათბირი დაიწყო. დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა ასადის „დანაშაულებრივ ქმედებებს სწრაფად და ძლიერად გასცემს პასუხს“.
დუმას დაბომბვის შემდეგ სირიის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ავიაიერიში მიიტანა ისრაელმა. თავდასხმას 7 ირანელი სამხედრო ემსხვერპლა.
ფოტო: Anadolu/The Telegraph (ქალაქი დუმა საჰაერო იერიშის შემდეგ)