საქართველოს მცირე უკუსვლაა დემოკრატიის ქულაში, რომელიც წელს 4.68-ს შეადგენს, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი 4.61 იყო. 4.68 ქულით საქართველო მე-19 ადგილზეა და გარდამავალი ქვეყნების ჯგუფსი რჩება. ჯგუფს ასევე უწოდებენ „ჰიბრიდული რეჟიმების“ ჯგუფს, - ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში - „ლიბერალიზმთან დაპირისპირება".
ანგარიშში ქვეყნები 1-დან 7 ქულამდე არიან შეფასებულნი, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე მძიმე. ყოველწლიური ანგარიში უკვე 23 წელია გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში დემოკრატიის მდგომარეობას იკვლევს.
ანგარიში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ბალკანეთსა და ევრაზიის რეგიონს მოიცავს.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ევროპაში არსებული უკუსვლის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ „უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და ყირგიზეთი ავტორიტარიზმის რისკის წინაშე დგანან".
ანგარიშის მიხედვით, რეგიონის ბევრ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები არჩეულ თანამდებობებზე არ არიან და მათ ყოფილ სტატუსებს იყენებენ.
„არაფორმალური მმართველობა: კაცები ფარდებს მიღმა" - ასე ჰქვია ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საქართველო და ბიძინა ივანიშვილია ნახსენები.
ანგარიშში ვკითხულობთ: „მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2014 წელს დატოვა, მაგრამ ის კონტროლს ინარჩუნებს მმართველ „ქართული ოცნების" პარტიაზე, რომელიც მისი კერძო კომპანიების თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტა და დედაქალაქის განვითარების გეგმები ბუნდოვანს ხდის ქართულ პოლიტიკას".
ამავე თავში ნახსენებია პოლონეთის, სერბეთის, მონტენეგროს, რუმინეთის, ყირგიზეთის და სომხეთის მაგალითები.
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის" მიერ;