საქართველოში NTV-PLUS-ის პარტნიორი კომპანია შპს „მედია ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს. "მედია ჯგუფის" წილებს დავით ნაკაშიძე და გულნარა ხეჩოშვილი ფლობენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გაზპრომ მედიის შვილობილმა კომპანია NTV-PLUS ქართულ მედიაბაზარზე შემოსვლა დაანონსა.
NTV-PLUS ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, НТВ-плюс-ის ქართული პარტნიორია კომპანია «მედია ჯგუფი» პასუხს აგებს აღჭურვილობის გაყიდვაზე, ტექნიკურ მხარდაჭერასა და საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის წარმატებაზე.
"მედია ჯგუფის" განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია "ნტვ პლუს" -ის პარტნიორი გახდა და საქართველოს ტერიტორიაზე ფასიანი თანამგზავრული სერვისის განხორციელებას გეგმავს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ "ნტვ პლუს"-ის ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებული თემების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მათვის მიუღებელია.
"ამ დრომდე ბაზარზე არალეგალური ტრანზიტის პრობლემა კვლავ აქტუალურია-არალეგალური სერვისებით ქვეყანაში 300 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. შედეგად, თვეში საშუალოდ 1 500 000 $ საქართველოდან გაედინება ყოველგვარი აღრიცხვის ან რეგულაციის გარეშე.
„მედია ჯგუფი“-ს მიზანია მოხდეს ბაზრის გაჯანსაღება და თითოეულმა აბონენტმა მიიღოს ლეგალური სერვისი, რის შედეგადაც მომხმარებლისგან მიღებული შემოსავალი დარჩება საქართველოში. შესაბამისად, სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია ამ თემების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა და მოცემული საკითხით აპელირება.
„ნტვ პლუსი“-ს კომერციული გაშვების შემდეგ მომხმარებლისთვის უკვე ლეგალური გახდება ხელმისაწვდომი ის საერთაშორისო და რუსული მაღალრეიტინგული სატელევიზიო არხები, რომლებიც ამ დღემდე კანონის და რეგულაციების გვერდის ავლით ოპერირებდა აღნიშნული კომპანიის სახელით. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, მოცემული არხების ტრანსლირება ხდება საქართველოში არსებული ყველა წამყვანი საკაბელო კომპანიის მიერ." - ნათქვამია განცხადებაში.