ვაშინგტონიც, მთელი მსოფლიოს მსგავსად, ელოდება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას სირიაზე საჰაერო თავდასხმის შესახებ. სამხედრო ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ვითარება შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს და ეს რეალურად იქცეს ორი მსოფლიო ძალის დაპირისპირება სირიის ტერიტორიაზე.
პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერით“ უპასუხა რუსეთის ელჩს ლიბანში, რომელმაც თქვა, რომ სირიისკენ მიმართულ ყველა ამერიკულ რაკეტას ჩამოაგდებენ.
„მოემზადე რუსეთო, წამოვა მშვენიერი, ახალი და ჭკვიანი რაკეტები", - დაწერა პრეზიდენტმა დღეს გათენებისას და იქვე აღნიშნა: „არ უნდა იყო „მკვლელი ცხოველის“ პარტნიორი, რომელიც ხოცავს საკუთარ ხალხს და ამით სიამოვნებას იღებს“.
პრეზიდენტის განცხადებას საპასუხო რეაქციაც მოჰყვა, რუსული მხარე აცხადებს, რომ ამერიკული რაკეტების სამიზნე ტერორისტები უნდა იყვნენ და არა სირიის „ლეგიტიმური მთავრობა“. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა დღეს, რომ სირიაში ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა ამის შემდეგ დაწერა, რომ ახლა ორი ქვეყნის ურთიერთობა ისეთი ცუდია, როგორიც „ცივი ომის“ დროსაც კი არ ყოფილა. მისი თქმით, ამის საჭიროება და მიზეზი არ არსებობს, რადგან რუსეთის ეკონომიკას სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა.
დონალდ ტრამპმა არსებული ვითარების გამო გააუქმა სამხრეთ ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც პარასკევს უნდა დაწყებულიყო. ქვეყნის ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტებიც კი გააუქმა ჯიმ მატისმა, ამერიკის თავდაცვის მდივანმა. მთავრობის ადმინისტრაცია სრულად მობილიზებულია.
„ევროპული ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ“ დღეს გაავრცელა სპეციალური სასიგნალო შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ სირიაზე მოსალოდნელი თავდასხმის პირობებში, ფრენები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა განხორციელდეს და ყველამ გაითვალისწინოს ეს საფრთხე.
თეთრი სახლი არ აკეთებს კომენტარს იმის შესახებ, ნიშნავს თუ არა ეს ამერიკის სამხედრო ქმედებების გახანგრძლივებას სირიაში, თუ ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადი საჰაერო თავდასხმა. აქამდე პრეზიდენტი ტრამპი აცხადებდა, რომ ახლოვდებოდა ის დრო, როდესაც ამერიკელი სამხედროები სირიიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ.
ამჟამად სირიაში 2000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ამერიკის ლიდერობით მოქმედმა კოალიციამ აქამდე ათასობით საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რომელთა სამიზნეც ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" და სხვა ექსტრემისტი მებრძოლები იყვნენ. რაც შეეხება ქიმიური იარაღის გამოყენებას, დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკამ სწორედ ამგვარი ქმედების - ნერვული გაზის - ზარინის გამოყენების - საპასუხოდ სირიაზე საკმაოდ ძლიერი საჰაერო იერიში მიიტანა.
ამ საკითხზე იმსჯელეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც გუშინ. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ შაბათს დასახლება დუმაში - სავარაუდოდ ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმის უკან ასადის მთავრობა დგას, რუსეთი და სირია კი ამ ბრალდებებს უარყოფენ. იყო წარმოდგენილი რუსეთისა და ამერიკის მიერ შემუშავებული რეზოლუციები.
გაეროს უშიშროების საბჭოში ამერიკის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის თანახმადაც, ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე, უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რომელსაც ექნებოდა წვდომა უშუალო ტერიტორიებზე, ამ გეგმის დასაბლოკად რუსეთმა, რომ კონფლიქტში ასადის მთავრობას უჭერს მხარს 2015 წლიდან, კიდევ ერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება. მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთმა და სირიამ მისცეს.
რაც შეეხება რუსეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, მან დასამტკიცებლად საკმარისი ხმები ვერ მოიპოვა. ამერიკის ელჩმა გაეროში თქვა, რომ ეს დღე ისტორიაში დარჩება, როგორც „დღე, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა დაეცვა მონსტრი, რომელიც საკუთარ ხალხს კლავს“.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი რამდენჯერმე ესაუბრა ფრანგ, ბრიტანელ და სხვა კოლეგებს. და საუბარი შეეხება ერთობლივი პასუხის შესაძლებლობას. სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა ამის შესახებ განცხადება და ითქვა, რომ „როგორიც უნდა იყოს საპასუხო ქმედებები, სასურველია ეს იყოს კოორდინირებული პასუხი“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გადაწყვეილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. და ნებისმიერი შესაძლო საჰაერო თავდასხმის სამიზნე იქნება სირიის მთავრობის ქიმიური იარაღის განლაგების წერტილები. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ „მიზანმიმართულ და პროპორციულ“ ქმედებას.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გუშინ აცხადებდა, რომ მას მეტი მტკიცებულება სჭირდებოდა იმის შესახებ, რომ გაეგო რეალურად რა მოხდა სირიაში. დღეს კი მან თქვა, რომ ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებელი არის ასადის რეჟიმი და ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად მუშაობს იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ ერთი მხრივ ჰუმანიტარული კატასტროფა და მეორე მხრივ როგორ აგონ პასუხი დამნაშავეებმა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ეს იყო ქიმიური მომწამვლელი საშუალება, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. და ამას ამბობს არა მხოლოდ ამერიკული მხარე, არამედ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც".
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" დღეს განაცხადა, რომ დაახლოებით ხუთას დაზარალებულს სწორედ ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ნიშნები ჰქონდა. ორგანიზაცია სასტიკად გმობს მომხდარს და ითხოვს, რომ მიეცეს მის მისიას დაშავებულთა დახმარების შესაძლებლობა.
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.