წინასწარი მონაცემებით, ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად მეოთხედ აირჩიეს, ამჯერად უკვე 7-წლიანი ვადით.
აზერბაიჯანის ეროვნული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დათვლილია ბიულეტენების 65% და ხმების 86,1% ილჰამ ალიევმა მიიღო. პრეზიდენტობისთვის სულ 8 კანდიდატი იბრძოდა. აზერბაიჯანის ეროვნული საარჩევნო კომისიის საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 74,51% იყო და საკუთარი არჩევანი 3 716 135-მა მოქალაქემ დააფიქსირა.
ოპოზიციური პარტიები ხმის მიცემის პროცესში გამოკვეთილ დარღვევებზე საუბრობენ, მათ შორის იმაზეც, რომ ერთი და იმავე ამომრჩეველმა ხმა მრავალჯერ მისცეს.
56 წლის ილჰამ ალიევი 2003 წლიდან აზერბაიჯანის პრეზიდეტია. აქამდე პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევდნენ. 2013 წელს, როცა ალიევმა პრეზიდენტის პოსტი მესამედ დაიკავა, კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება და საარჩევნო ციკლი 5-დან 7-მდე გაიზარდა. ამ ცვლილების შემდეგ ეს პირველი არჩევნებია, როცა პრეზიდენტს 7 წლით აირჩევენ. ამასთან, არ არსებობს შეზღუდვა, რამდენჯერ შეიძლება დაიკავოს ერთი და იმავე კანდიდატმა ეს პოსტი.