აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი მაიკ პომპეო სენატისთვის წარსადგენ მიმართვაში საქართველოსა და უკრაინას შეეხო.
პომპეო წერს, რომ რუსეთთან ამერიკის რბილი პოლიტიკა დასრულდა. ამერიკამ შეიარაღებული ძალების განახლება დაიწყო, რუსეთს სანქციები დაუწესა და განაგრძობს იმ მამაცი ქალებისა და კაცების შეიარაღებას, რომლებიც საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ექსპანსიას ებრძვიან.
მიმართვაში პომპეო საუბრობს რუსეთზე, როგორც საფრთხეზე აშშ-თვის. „რუსეთი განაგრძობს აგრესიულ მოქმედებებს, რომლის საშუალებაც ამ აგრესიისადმი რბილმა მიდგომამ მისცა. ახლა ეს დასრულდა“, - წერს პომპეო. დასძენს, რომ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში რუსეთის საგარეო საფრთხედ იდენტიფიცირება მათ მომავალ დიპლომატიურ პოლიტიკას განსაზღვრავს.
მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თნამდებობაზე რექს ტილერსონს შეცვლის. პომპეო აქამდე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი იყო.