დღეს, მრგვალ ბაღში ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული გიორგი შარაბიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
გიორგი შარაბიძე გლდანის მე-8 განყოფილებაში უკვე 17 დღეა შიმშილობს. ის სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებაში ადანაშაულებს.
„ლიბერალთან“ საუბრისას შარაბიძის და თამუნა ნაცარიშვილი მისი ძმის დაკავების დეტალებს ჰყვება.
მისი თქმით, 2016 წელს, წინასაარჩევნოდ, მისი ძმებისგან - არჩილ და გიორგი შარაბიძეებისგან პოლიციელებმა მოითხოვეს გარკვეული პერიოდით ქვეყნის დატოვება. შარაბიძეები დამორჩილდნენ ამ მოთხოვნას და დატოვეს ქვეყანა. 2017 წლის იანვარში კი ისინი დაბრუნდნენ საქართველოში.
ნაცარიშვილი ამბობს, რომ ამან გამოიწვია პოლიციელების გარკვეული ჯგუფის გაღიზიანება. მისი თქმით, ჩამოსვლიდან 1 თვის შემდეგ არჩილ შარაბიძე დაიბარეს პოლიციის განყოფილება, სადაც მას ისევ მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება.
„ჩემი ძმები არ არიან კრიმინალები ან მათთან დაახლოებული პირები, ისინი არიან ჩვეულებრივი, მსჯავრმოხდილი ადამიანები... ჩამოსვლიდან 1 თვეში მათ ისევ მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება, რასაც ჩემი ძმები შეეწინააღმდეგნენ, უთხრეს, რომ არ დატოვებდნენ ქვეყანას, რომ არაფერს არ აშავებდნენ. ყოველდღიურად მათ დაჰყვებოდა პოლიცია. ბოლოს, ქვეყნის დატოვებისთვის 7-დღიანი ვადა მისცეს, როგორც კი ეს 7 დღე ამოიწურა, მე-8 დღეს, 2017 წლის 7 მარტს, სტომატოლოგთან ვიზიტზე გასულ გიორგი შარაბიძეს 4 პირი აედევნა და ყოველგვარი პროცედურის გარეშე, ჩხრეკისა და დაკავების ოქმის შედგენის გარეშე დააკავეს და გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებაში“, - ამბობს თამუნა ნაცარიშვილი.
მისი თქმით, იმავე საღამოს მეორე ძმა არჩილ შარაბიძე ოჯახმა საზღვარგარეთ გაუშვა.
„იმავე საღამოს ჩვენთან ხორციელდება ზარი, შემოთვლით, რომ მისმა უმცროსმა ძმამ უნდა დატოვოს იმ დღესვე ქვეყანა, თორემ გიორგის დაუმძიმდება ბრალი და აჩიკოსაც დაემუქრნენ დაჭერით. აჩიკო, ღამის 12-1 საათზე გავიყვანეთ ქვეყნიდან“, - ამბობს ნაცარიშვილი.
რაც შეეხება გიორგი შარაბიძეს, მას ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით სასამართლომ, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულის და აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში აქვთ გასაჩივრებული. ითხოვენ, სამართლიან გადაწყვეტილებას.
ნაცარიშვილი ამბობს, რომ გიორგი შარაბიძის სოლიდარობის მიზნით, შიმშილობის დაწყებას აპირებენ მისი მეგობრებიც.
„ლიბერალი“ გიორგი შარაბიძის ადვოკატს, მარინა კაკაურიძეს ესაუბრა, თუ რა სახის მტკიცებულებები არსებობს შარაბიძის საქმეში.
მისი თქმით, შარაბიძის საქმეში არის მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები და არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გიორგი შარაბიძის ბრალეულობას ამტკიცებს.
ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არის სამხარაულის ბიუროს ჩატარებული ქიმიური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები, რის მიხედვითაც გიორგი შარაბიძის შემხებლობა „ამოღებულ“ ნარკოტიკულ საშუალებასთან არ დადასტურდა.
„ასევე, ჩვენ მოვიპოვეთ ახალი მტკიცებულება - ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც მოგვაწოდა ერთ-ერთმა კეთილისმსურველმა, სადაც ნათლად ჩანს ის, რომ შარაბიძე დაკავებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ. ეს არის კანონის უხეში დარღვევა. აღნიშნული დამკავებლები საქმეში არ ფიგურირებენ და დაკითხული არ არიან“, - ამბობს ადვოკატი.
ამასთან, მისი თქმით, როგორც 2 პოლიციელი ამბობს, შარაბიძის პირადი ჩხრეკა და ოქმის შედგენა მოხდა დაკავების ადგილზე, თუმცა თვითმხილველი მოწმის ჩვენებით, პირადი ჩხრეკა და ოქმის შედგენა ადგილი არ მომხდარა.
„რეალურად კი ოქმის შედგენა მოხდა განყოფილებაში, პირადი ჩხრეკაც - გაშიშვლებამდე, რომელსაც ესწრებოდა უამრავი პოლიციელი, მათ შორის ვაკე -საბურთალოს მე-7 განყოფილების უფროსი. ჩემი არაერთი მოთხოვნისა, მოეწოდებინათ ვიდეოკამერების ამონაწერი, მას რეაგირება არ მოჰყოლია“, - ამბობს ადვოკატი.