შსს-ს ცნობით, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვ.ბ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა. დამძიმებული ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109–ე მუხლი ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. იგი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ყელგამოჭრილი ქალი 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე დაახლოებით 19:00 საათზე იპოვნეს.
შსს-ს ცნობით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. ნასამართლევია და იგი 2015 წელს დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. იგი მოკლულის დედის ყოფილი მეუღლეა.
როგორც სამინისტრო იტყობინება, ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.
ამასთან, შსს აცხადებს, რომ „მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ" და ეჭვმიტანილის მიმართ „შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება".